Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, ცხინვალის „სპარტაკზე“ ვისაუბრებთ.
გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატი გორში „დილასთან“ მარცხით დაიწყო, თუმცა ყველაფერი მალევე გამოასწორა – შემდგომ ორ ტურში „სპარტაკმა“ „მერანი“ და „ვიტ-ჯორჯია“ დაამარცხა. ორივე შემთხვევაში ცხინვალელებმა მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვეს. შემდეგ იყო ნულოვანი ფრე ქუთაისის „ტორპედოსთან“. ზედიზედ სამ მატჩში კარის მშრალად შენახვის შემდეგ „სპარტაკი“ გასვლაზე „სამტრედიასთან“ ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
საერთოდ, ანგარიში 1:0 „სპარტაკისთვის“ ყველაზე პოპულარული და წარმატებული გამოდგა – „მერანისა“ და „ვიტ-ჯორჯიას“ გარდა, ამ ანგარიშით კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა ბათუმის „დინამო“ და „შუქურა“ დაამარცხეს.
„სამტრედიასთან“ ხსენებული მარცხის შემდეგ გუნდს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც თბილისის „დინამოსთან“ გამანადგურებელი ანგარიშით – 6:1 მარცხით დასრულდა. ხსენებულ შეხვედრაში „სპარტაკმა“ გოლი უკვე მე-12 წუთზე გაუშვა, თუმცა ცამეტ წუთში მერაბ გიგაურმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 30-ე და 38-ე წუთებზე პარუნაშვილისა და ძარიას გოლებით „დინამომ“ პირველი 45 წუთი ანგარიშით 3:1 მოიგო, რის შემდეგაც კაჭარავას გუნდმა მეტოქეს ვერაფერი შესთავაზა და მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლი მიიღო.
დიდი ანგარიშით „სპარტაკმა“ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ ორ კვირაშიც წააგო. ამჯერად კაჭარავას გუნდს „ზესტაფონმა“ მოუგო, რომელმაც ანგარიშით 3:0 იმარჯვა.
ასეთი ანგარიშებით მარცხის მიუხედავად, გუნდმა, უმაღლესი ლიგის პირველი წრის შედეგების მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა. ამჟამად „სპარტაკს“ 24 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. სხვათაშორის, ქულების იგივე რაოდენობა ბათუმის „დინამოსაც“ აქვს, თუმცა ამ გუნდების ურთიერთშეხვედრაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, გამარჯვებული სწორედ ცხინვალური კლუბი აღმოჩნდა.