ზაზა ჭელიძე ქუთაისის „ტორპედოში“ მეორედ დაბრუნდა. მისი პროფესიონალური კარიერის საწყისი კლუბიც ეს იყო, სადაც 17 წლის ასაკში მწვრთნელმა რევაზ ბურკაძემ აიყვანა, ოღონდ უმაღლეს ლიგაში მატჩის ჩატარება მაშინ არ მოუწია. წარმოშობით რაჭიდანაა, თუმცა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ფეხბურთს 10 წლიდან თამაშობს. თავიდან სპორტსკოლა „ნორჩი დინამოში“ დადიოდა.
„ტორპედოში“ მისი პირველი დაბრუნება 2012/13 წლების სეზონის წინ შედგა. შეგახსენებთ, რომ ტორპედოელებმა იმ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავეს. სულ კი მან ჩვენს გუნდში დღემდე სეზონნახევარი გაატარა(52 მატჩი – 2 გოლი). უთამაშია ბელორუსიულ „დინამოსა“ და „გომელშიც“. 28 წლის ცენტრალური მცველი მოედანზე კორექტული თამაშითაც გამოირჩევა. 250-მდე ოფიციალურ მატჩში იგი ერთადერთხელ გაუძევებიათ მოედნიდან. ეგ კი არა, ყვითელ ბარათსაც კი იშვიათად იღებს. იგი ძირითადად „ტორპედოსთან“ დაკავშირებით გვესაუბრა.
– ზაზა, ქუთაისში თამაში უკვე გამოცდილი გაქვს, როგორ შეაფასებ აქაურ გარემოს?
– ლაპარაკიც ზედმეტია, რომ ქუთაისი ოდითგანვე გამოირჩეოდა ფეხბურთისადმი სიყვარულით, რაც სტადიონზეც ჩანს. გულშემატკივრები ყოველთვის გვერდით უდგანან ამ კლუბს. „ტორპედო“ ჩემთვის არაა უცხო და აქ თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. ყველაფრის გათვალისწინებით, იგი ყოველთვის მინიმუმ სამეულში მაინც უნდა იყოს და საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოდეს. ძალიან მიხარია აქ მეორედ დაბრუნება.
– ამჟამად როგორ მოგწონს ჩვენს გუნდში შექმნილი ვითარება?
– „ტორპედოში“ საკმაოდ ძლიერმა ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. მაღალი დონის მწვრთნელიც გვყავს. ყველანი მაქსიმალურად ვვარჯიშობთ და ველით კარგ შედეგებს. ვერ გამოვკვეთავ იმას, თუ რომელი რგოლი იქნება ყველაზე ძლიერი. ეს, ალბათ, თამაშებში გამოჩნდება. მთავარია, რომ ყველა მობილიზებული და მონდომებულია წარმატების მისაღწევად. ყველანაირი პირობა გვაქვს იმისთვის, რომ ნორმალურად მოვემზადოთ. სიმართლე გითხრათ, პირადად მე ამჟამად არ ვარ ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ მოსამზადებელი ეტაპები ნაყოფიერად უნდა გამოვიყენო. ბევრი ახალწეული ვართ და შეთამაშება გვჭირდება.
ჭელიძე ფიქრობს, რომ წელს ეროვნული თასის აღება „ტორპედოსთვის“ რეალურია, ჩემპიონატში კი რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავება სურს.
ფეხბურთში მისი მიზანია – რაც შეიძლება მეტი სიამოვნება მიიღოს, რასაც ამატებს, რომ ეს საქართველოში ადვილად იქნება შესაძლებელი, როცა რეგიონებში იფუნქციონირებს ბავშვთა სკოლები და სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთვება ჩემპიონატის განვითარებაში. სამწუხაროდ, ამ კუთხით ბელორუსიაში უკეთესი მდგომარეობაა.
FCTorpedo.GE