კრეტას ოფი, რომლის რიგებშიც გიორგი ლორია და გიორგი მერებაშვილი თამაშობენ, ამჟამად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია – კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, რომელთა გამოც კლუბი ფეხბურთელებს ხელფასებს დროულად ვერ უხდის.
ამასთან დაკავშირებით, ბერძნული პრესა კრეტული კლუბის მოთამაშეების შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით ალაპარაკდა. მსგავსი საუბრები ქართველ ლეგიონერებსაც შეეხოთ. გავრცელებული ინფორმაციით, ლორია და მერებაშვილი, შესაძლოა, ბერძნული ფეხბურთის გრანდებირს რიგებში გადავიდნენ. მეკარეს „ოლიმპიაკოსში“ გადასვლას უწინასწარმეტყველებენ, ხოლო შემტევ ნახევარმცველს – პაოკ-ში.
თუმცა, კლუბის შეცვლის შემთხვევაში, ორივეს მიმდინარე სეზონში თამაშის უფლება აღარ ექნება, რადგან 2014/15 წლების სეზონში მათ ორი კლუბის რიგებში ითამაშეს – მოგეხსენებათ, თბილისის „დინამო“ ლორიამ და მერებაშვილმა მხოლოდ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ დატოვეს. წესების თანახმად, ფეხბურთელებს ერთ სეზონში სამი სხვადასხვა კლუბის რიგებში თამაში ეკრძალებათ.
ცნობისთვის, ამჟამად საბერძნეთის ჩემპიონატში ოფი 14 ქულით მე-16 ადგილზეა. რაც შეეხება ლორიასა და მერებაშვილის შესაძლო ახალ კლუბებს, „ოლიმპიაკოსი“ ამჟამად 45 ქულით პირველ ადგილზეა და სწორედ მეორე ადგილზე მყოფ პაოკ-ს 2 ქულით უსწრებს.