“ვალენსიასა” და არგენტინის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პაბლო აიმარი პროფესიონალურ ფეხბურთს უბრუნდება.
37 წლის ფეხბურთელი არგენტინის თასის გათამაშებაზე მშობლიური კლუბის, “ესტუდიანტეს რიო კუარტოს” განაცხადში შეიყვანეს.
ცნობისთვის, პაბლო აიმარი რიო კუარტოში დაიბადა და ამავე ქალაქის კლუბის აღზრდილი გახლავთ. “ესტუდიანტეს რიო კუარტო” არგენტინის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს. გუნდში პაბლოს ძმა ანდრესი თამაშობს.
პაბლო აიმარი “ვალენსიას” ღირსებას 2000-დან 2006 წლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან “ღამურების” რიგებში 200-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. მან “ვალენსიას” შემადგენლობაში ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ერთხელ დაეუფლა ქვეყნის თასს, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. აიმარის კარიერაში გამორჩეული იყო ლისაბონის “ბენფიკაში” თამაშის პერიოდიც. არგენტინელი ფეხბურთელი პორტუგალიური გუნდის ღირსებას 2008-დან 2013 წლამდე იცავდა. აიმარმა “ბენფიკასთან” ერთად ერთხელ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი, ოთხჯერ დაეუფლა ქვეყნის ლიგის თასს, ერთხელ კი ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა. აიმარი დიდი ხნის განმავლობაში ტრავმებს ებრძოდა და 2015 წელს ბუცების ლურსმანზე დაკიდვის გადაწყვეტილება მიიღო.