პირველი ლიგა: რა დაუჯდა “სამეგრელოს” “სასკოს” შეძენა?

შაბათს, 21 თებერვალს, უმაღლეს ლიგასთან ერთად მეორე ეტაპი პირველ ლიგაშიც დაიწყო. თუმცა, უმაღლესისგან განსხვავებით, პირველ ლიგაში ტური არასრული გამოდგა.

უცნობი მიზეზის გამო “ჭიათურასა” და თბილისის “სასკოს” შორის გასამართი შეხვედრა გადაიდო. როგორც შემდეგ გაირკვა, “სასკოს” ფინანსური პრობლემები ჰქონია და გუნდი ფაქტობრივად დაშლილი ყოფილა. მოთამაშეთა უმეტესობა სხვა გუნდებში გადავიდა, კლუბის ხელმძღვანელებმა კი “სასკოს” გაყიდვა გადაწყვიტეს.

თბილისური კლუბის ყიდვის სურვილი მეორე ლიგის ბინადრებს, გურჯაანის “ალაზანს” და ჩხოროწყუს “სამეგრელოს” ჰქონდათ. საბოლოოდ, თბილისელებს უკეთესი პირობები “სამეგრელოს” მესვეურებმა შესთავაზეს და კლუბიც მათი საკუთრება გახდა. დაუდასტურებელი ინფორამციით “სასკო” 50 000 დოლარად გაიყიდა.

ვრცელდებოდა ინფორამცია იმის შესახებ, თითქოს პირველ ლიგაში “სასკოს” “სამეგრელო” ჩაანაცვლებდა და მეგრული კლუბი ასპარეზობას თბილისური გუნდის ქულებით გააგრძელებდა. პრინციპში, ეს ასეც იქნება, თუმცა, როგორც გაირკვა, მიმდინარე სეზონს გუნდი “სასკოს” სახელით ჩაამთავრებს, რათა იურიდიული ნორმები არ დაიღვეს. ფაქტობრივად კი მოედანზე “სამეგრელოს” ფეხბურთელები იქნებიან. ამასთან ერთად მეორე ლიგაში გუნდი დიდი ალბათობით ახალგაზრდული შემადგენლობით გააგრძელებს ასპარეზობას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ დასავლეთის გუნდებს “სამეგრელო” ჩხოროწყუში მიიღებს, ხოლო აღმოსავლეთის – თბილისში, “მარაკანაზე” უმასპინძლებს, სადაც პირველ ეტაპზე საშინაო თამაშებს “სასკო” ატარებდა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი იმ ფეხბურთელების საკითხია, რომლებიც კლუბების “ჩანაცვლების” შედეგად უგუნდოდ დარჩნენ. მათ შორის არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი, მეკარე ნიკა შერმადინი, რომელსაც Fanebi.com დაუკაშირდა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

“როგორც ვიცი “სასკო” გაიყიდა. მოთამაშეთა უმრავლესობა სხვა კლუბებში გადავიდა, ნაწილი უგუნდოდ დავრჩით, ხოლო რამდენიმემ სამწუხაროდ კარიერაც კი დაასრულა.

კლუბის ხელმძღავნელებმა გვითხრეს, რომ გუნდის გაყიდვას აპირებდნენ, რადგან მისი შენახვის საშუალება აღარ იყო. მაგრამ, იყო იმის შანსიც, რომ “სასკო” რომელიმე გუნდთან გაერთიანდებოდა და ასპარეზობას ჩველუებრივად, პირველ ლიგაში გააგრძელებდა, თუმცა, სამწუხაროდ ასე არ მოხდა, რამაც პირადად ჩემს გეგმებზეც უარყოფითად იმოქმედა.

ამჟამად უგუნდოდ ვარ და პირველი ლიგის რომელიმე გუნდში ვაპირებ მისვლას, სადაც თამაშის საშუალება მექნება. მოგეხსენებათ, მარტში 21-წლამდელთა ნაკრები შეიკრიბება და უგუნდოდ მყოფს გამოძახების შანსი არ მექნება” – გვითხრა შერმადინმა.

ამრიგად, პირველ ლიგას ძველი სახელით ახალი გუნდი შეემატება, რომელიც მეორე ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული და ზედა დივიზიონში დაწინაურების კანდიდატიც იყო.