თეიმურაზ ღონღაძე “ზესტაფონის” ახალი კაპიტანია

გუშინ დილით გამართული ვარჯიშის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველ გუნდში არჩევნები გაიმართა – ზემოიმერული გუნდის ახალი კაპიტნისა და სამი ვიცე-კაპიტნის ვინაობას კენჭი თავად ფეხბურთელებმა უყარეს.

უნდა ითქვას, რომ კაპიტნის არჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ გუნდი გაემგზავრა ქალაქ ანტალიაში, სადაც ერთკვირიანი შრომით დატვირთულ სპორტსმენებსა და გუნდის პერსონალს მცირე დასვენებისა და ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება მიეცა. რაც შეეხება არჩევნებს, მისი შედეგები დღეს გამართული თეორიული მეცადინეობის წინ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააჟღერა.

მაშ ასე, ხმათა დიდი უმრავლესობით საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” ახალ კაპიტნად თეიმურაზ ღონღაძეა არჩეული. დღეიდან გუნდს სამი ვიცე-კაპიტანი ჰყავს, ამ საპატიო მისიას გრიგოლ დოლიძე, ზაზა ჭელიძე და ლევან შარიქაძე შეასრულებენ.

ჩვენ კი გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც არჩევნების შედეგების გაჟღერების საზეიმო ცერემონიალის მიმდინარეობას ასახავს…

DSC05380

DSC05382

DSC05368

DSC05369

DSC05370

DSC05372

DSC05377

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

თეიმურაზ ღონღაძე “ზესტაფონში” დაბრუნდა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” თეიმურაზ ღონღაძე დაბრუნდა. 28 წლის გამოცდილი მცველი, რომელიც მარგველთა რიგებში 2011-2013 წლებშიც ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: თეიმურაზ ღონღაძე – მცველი; დაბადებულია – 08.09.1985; სიმაღლე – 176 სმ, წონა – 70 კგ.

კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ივერია” (ხაშური) – 2001-2003, 2004, ”თბილისი” (თბილისი) – 2003-2004, ”საგარეჯო” (საგარეჯო) – 2005, ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) – 2006-2007, ”ბორჯომი” – 2007, ”მესხეთი” (ახალციხე) – 2008, ”ოლიმპი” (რუსთავი) – 2008-2009, 2010, ”სიმურგი” (ზაქათალა, აზერბაიჯანი) – 2010, ”დინამო” (თბილისი) – 2011, ”ზესტაფონი” – 2011-2013,”დილა” (გორი) – 2013.

უნდა ითქვას, რომ დაცვის ორივე ფრთაზე ერთნაირად წარმატებულად მოასპარეზე თეიმურაზ ღონღაძე “ზესტაფონის” შემადგენლობაში 2011-2012 წლების სეზონის ტრიუმფატორი გახლავთ – ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მან ჯერ ჩემპიონის ოქროს მედლები დაისაკუთრა, შემდეგ კი სუპერთასის მფლობელიც გახდა.

თეიმურაზ ღონღაძემ მარგველთა მაისურით ორ ევროკომპანიაში იასპარეზა – 2011 წლის ზაფხულზე მან იმერული კლუბის ღირსება მოლდავურ “დაჩიასთან” და ავსტრიულ “შტურმთან” ჩემპიონთა ლიგის და ბელგიურ “ბრიუგესთან” უეფას ევროპალიგის პლეი-ოფის მატჩებში დაიცვა, 2012 წელს კი აზებაიჯანულ “ნეფტჩისთან” გამართულ შეხვედრებშიც ითამაშა. ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით “ზესტაფონის” შემადგენლობაში მან 48 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გატანილი გოლით გამოიჩინა. საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში კი თეიმურაზს 2 მატჩი აქვს გამართული.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური