უეფას სუპერ თასი უკვე ჩვენი ქვეყნის დედაქალაქშია. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩის ჩატარებამდე 143 დღე რჩება.
დღეს, ამ ღნისძიებასთან დაკავშირებით სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც სფფ-ის ხელმძღვანელებმა, კახა კალაძემ და თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საზოგადოებას პრესტიჟული თასი წარუდგინეს, რის შემდეგაც სუპერ თასის მნიშვნელობაზე მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.
ივლისიდან, სუპერ თასის საორგანიზაციო ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით თერთმეტ ქალაქს თასთან ერთად მოივლის და საპრეზენტაციო ღონისძიებებს გამართავს. თბილისს თასი 1 აგვისტოს დაუბრუნდება და მატჩამდე უკვე ქალაქის ფარგლებში იმოგზაურებს.
შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასითვის მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ტრიუმფატორი გუნდები “დინამო არენაზე” 2015 წლის 11 აგვისტოს იბრძოლებენ. ბილეთის ფასი კი შვიდიდან ოცდაათ ევრომდე იქნება.
რეზი არველაძე: “დღეს სუპერ თასი თბილისში ჩამოვიდა და თავის მფლობელს დაელოდება. ამ თამაშის მნიშვნელობაზე საუბარიც კი ზედმეტია. ამის შესახებ ბევრჯერ გვითქვამს და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.”
ზვიად სიჭინავა: “სუპერ თასს ძალიან დიდი ისტორია აქვს. ამ ტიტულის მოგების შანსი “დინამო თბილისსაც” ჰქოდნა, თუმცა მაშინ მეტოქემ თამაშზე უარი თქვა. მიუხედავად ამისა, წლების შედმეგ თასი თბილისში მაინც ჩამოვიდა.
მინდა გითხრათ, რომ ბილეთების ფასი 7-დან 30 ევრომდე იქნება. მათი ყიდვა კი შესაძლებელი იქნება biletebi.ge-ზე და “დინამო არენას” და “მიხეილ მესხის” სტადიონების სალაროებში.
აღსანიშნავია, რომ თბილისში ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის თასებიც ჩამოვა. სამივე თასის ხილვის საშუალება გულშემატკივრებს საქართველოს ქალაქებში ექნებათ”
დავით ნარმანია: “საამაყოა, რომ ჩვენი დედაქალაქი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს. ნანატრი თასი უკვე თბილისშია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ჩვენი დედაქალაქი საერთო ევროპულ სივრცეს უახლოვდება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, და უეფას ხელმძღვანელობას ამ ნდობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო და დავპირდე, რომ ამ ნდობას ჩვენ გავამართლებთ. თბილისმა უამრავ მნიშნველოვან სპორტულ, საფეხბურთო ღონისძიებას უმასპინძლა, თუმცა სულ სხვაა, როცა ასეთი მასშტაბის მოვლენა დამოუკიდებელი ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება.
მნიშვენლოვანია, რომ შეხვედრას “დინამო არენა” მზადყოფნაში შეხვდეს და სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. ხდება სტადიონის კონსტრუქციული ნაწილის მოწყობა, იცვლება განათების სისტემა და არენის აღჭურვა თანამედროვე ტექნოლოგიებით ხდება”
კახა კალაძე: “წელს საქართველო საერთაშორისო მნიშვნელობის სპორტულ მოვლენას უმასპინძლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ამ შეხვედრის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ეს ძალიან შთამბეჭდავი მოვლენაა და ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი ნაბიჯი საერთო ევროპული ოჯახისკენ.
დიდი მადლობა უეფას ამ ნდობისთვის. მსგავსი მასშტაბის ღონისძებები ჩვენი ფეხბურთისთვის დიდი სტიმულია. თბილისი მალე სპორტული ზეიმის მონაწილე გახდება. დიდი მადლობა მატჩის ორგანიზატორებს და მისი საქართველოში ჩატარების ინიციატორებს.”