პრემიერლიგის მსაჯმა მატჩში დაშვებული უხეში შეცდომა აღიარა

როგორც გაცნობეთ, ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” შორის გუშინ გამართული მატჩის (3:0) მეორე წუთზე არბიტრმა ნილ სუორბრიკმა წითელი ბარათი სტუმართა მცველ გარეტ მაკაულის უჩვენა, არადა – ვილფრედ ბონის წინააღმდეგ თამაშის წესი კრეიგ დოუსონმა დაარღვია. მსაჯმა მოგვიანებით შეცდომა აღიარა.

“არბიტრი აღიარებს, რომ თამაშის წესი სხვა ფეხბურთელმა დაარღვია. შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს, რომ დამნაშავე მოთამაშის იდენტიფიცირება შეცდომით მოხდა. მსაჯმა შეცდომის გამო ბოდიში მოიხადა”, – ნათქვამია მსაჯთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

პრემიერლიგის მატჩში წითელი ბარათი კვლავ უდანაშაულო ფეხბურთელს უჩვენეს (ვიდეო)

ინგლისის პრემიერლიგაში მთავარი მსაჯები საოცარი შეცდომების დაშვებას განაგრძობენ. ჩემპიონატის 30-ე ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონს” შორის გამართული მატჩის მეორე წუთზე არბიტრმა ნილ სუორბრიკმა წითელი ბარათი სტუმართა მცველ გარეტ მაკაულის უჩვენა, არადა – ვილფრედ ბონის წინააღმდეგ თამაშის წესი კრეიგ დოუსონმა დაარღვია.

მსგავსი შეცდომა პრემიერლიგის 27-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სანდერლენდს” შორის გამართულ მატჩშიც (2:0) მოხდა, როდესაც მთავარმა არბიტრმა როჯერ ისტმა წითელი ბარათი არა ჯონ ოშის, არამედ შეცდომით უეს ბრაუნს უჩვენა.