“ლევერკუზენმა” სპაჰიჩს კონტრაქტი სტიუარდის შეურაცხყოფის გამო გაუწყვიტა (ვიდეო)

ლევერკუზენის “ბაიერმა” კლუბის მცველ ემირ სპაჰიჩთან კონტრაქტი გაწყვიტა. 34 წლის ბოსნიელმა ფეხბურთელმა გერმანიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” წინაარმდეგ გამართული მატჩის (0:0 პენ. 3:5) შემდეგ სტადიონის სტიუარდს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სპაჰიჩს კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურებოდა, თუმცა კლუბმა შრომითი ხელშეკრულების ვადამდე ადრე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

“სპაჰიჩი გამოჩენილი ფეხბურთელია, რომელიც გუნდს დიდად დაეხმარა, თუმცა ამ ინციდენტმა არჩევანი არ დაგვიტოვა. ვიდეოფაილების ნახვის შემდეგ შოკირებულნი და იმედგაცრუებულნი ვიყავით. გამოძიებას ვერ დაველოდებოდით. ჩვენ კონტრაქტის გაწყვეტა გადავწყვიტეთ. ეს ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ემირმა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა. მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ”, – განაცხადა “ბაიერის” გენერალურმა დირექტორმა მიხაელ შადემ.