საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მიმდინარე პირველობის საუკეთესო ბომბარდირი შეუერთდა. 30 წლის ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი (1+1 სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: დიმიტრი ტატანაშვილი – თავდამსხმელი; დაბადებულია – 19.10.1983; სიმაღლე – 186 სმ, წონა – 79 კგ.
კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ოლიმპიკი” (თბილისი) – 2001-2003; ”სპარტაკი” (ცხინვალი) – 2003-2005; ”ამერი” (თბილისი) – 2005-2008; ”ვიქტორია” (პლზენი, ჩეხეთი) – 2008- 2010; ”კლადნო” (კლადნო, ჩეხეთი) – 2009- 2010; ”მეტალურგი” (ზაპოროჟიე, უკრაინა) – 2010- 2011; ”დინამო” (თბილისი) – 2011; ”მეტალურგი” (რუსთავი) – 2011-2013; ”დინამო” (თბილისი) – 2013; ”ჩიხურა” (საჩხერე) – 2013.
უნდა ითქვას, რომ გამოცდილმა ფორვარდმა, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ თბილისის “ამერში” წარმატებული თამაშით გაითქვა, გასულ სეზონში თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. განსაკუთრებით მდიდარია დიმიტრი ტატანაშვილის სათასო რეგალიების კოლექცია – ის 3-3-ჯერ არის დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასისა და საქართველოს სუპერთასის მფლობელი, გარდა ამისა, ჩეხეთის თასის 2009-2010 წლების გათამაშების გამარჯვებულიც გახლავთ.
როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა ახალწვეული მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სადღეისოდ 12 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი ის, რომ ინტერნეტ-გვერდმა “მსოფლიო სპორტმა” მიმდინარე პირველობის საშემოდგომო ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ დიმიტრი ტატანაშვილი დაასახელა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მას 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მატჩებში 1 გოლიც აქვს გატანილი.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური