ავთანდილ ღოღობერიძე – ქართული ფეხბურთის არწივი

არწივი მეფური ძლიერებისა და კეთილშობილების სიმბოლოა და ქართველ ფეხბურთელთაგან, ალბათ, ისე არავის შეშვენის ასეთი შედარება, როგორც ავთანდილ ღოღობერიძეს, ჩვენ დაუვიწყარ ბასას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე იყო ქართული ფეხბურთის იცულობელი ლიდერი და ფლაგმანი, წინ რომ უძღვოდა გუნდს მისი აღმავლობისა და წარმატებების წლებშიც და გაჭირვების ჟამსაც.

ისევე, როგორც ბორის პაიჭაძე 30-40-იან წლებში, ავთანდილ ღოღობერიძე მომდევნო ათწლეულში იყო ქართული ფეხბურთის სიმბოლო, მისი სინდისი და ნამუსი, მისი ყველაზე უკეთესი და კეთილშობილი თვისებების განსახიერება.

ბასა ღოღობერიძის თამაშისთვის დამახასიათებელი იყო უმაღლესი ტექნიკურობა და არტისტიზმი, სტრატეგიული სიბრძნე და შრომისმოყვარეობა. კოლეგიალობას გრძნობა და პარტნიორების და მოწინააღმდეგების მიმართ, სამაგალითო კორექტულობა(მოვიგონოთ, რომ ბორის პაიჭაძის მსგავსად, მასაც არც ერთი შენიშვნა თუ გაფრთხილება არ მიუღია მსაჯებისგან მთელი სპორტული კარიერის მანძილზე).

თუკი ვინმეს შეიძლება ეწოდოს “ფეხბურთის ჯენტლმენი” – ერთი პირველთაგანი ავთანდილ ღოღობერიძეა.

ღოღობერიძეს წილად ხვდა იშვიათი ხვედრი: თავისი ხანგრძლივი სპორტული გზის მანძილზე(1944-1961) თამაში მოუწია ქართველი ფეხბურთელების სამი თაობის წარმომადგენლებთან. იგი გუნდში მოვიდა და რამდენიმე წლის მანძილზე გამოდიოდა მოედანზე პირველი თაობის სახელოვან ფეხბურთელებთან ერთად(ბორის ბაიჭაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გაიოზ ჯეჯელავა, გრიგოლ გაგუა და სხვა), იყო ლიდერი მეორე თაობის გუნდისა, რომელშიც მასზე ხუთი-ექვსი წლით უმცროსი ფეხბურთელები იყვნენ და, როგორც პარტნიორმა, საფეხბურთო ოსტატობის გაკვეთილები მისცა მოედანზე მესამე თაობის წარმომადგენლებს, თითქმის შვილებად რომ ერგებოდნენ – მომავალ “ოქროს ბიჭებს”(შოთა იამანიძე, მიხეილ მესხი, ვლადიმერ ბარქაია, გიორგი სიჭნავა და სხვები).

ღოღობერიძეს(1922-1980) ეკუთვნის თითქმის ყველა ინდივიდუალური რეკორდი, რომელთა აღრიცხვაც ხდებოდა ფეხბურთის გუნდების ისტორიაში. 17 წლის მანძილზე იგი გამოდიოდა თბილისის “დინამოში” და ჩემპიონატებში ყველაზე მეტი, 341 მატჩი ჩაატარა მის შემადგენლობაში, 10 წლის მანძილზე, 1951 წლიდან, გუნდის უცვლელი კაპიტანი იყო. მან გაიტანა ყველაზე მეტი, 127 ბურთი, ზოგადად და 25 – ერთ სეზონში, ექვსჯერ გახდა გუნდის საუკეტესო ბომბარდირი და ერთხელ, 1951 წელს საკავშირო ჩემპიონატის ბომბარდირი(16).

ბასა ღოღობერიძე,უდავოდ იყო ყველაზე სტაბილური მოთამაშე გუნდში. უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი თვისება, რომელიც, აგრეთვე, გამოარჩევს მას ქართველ ფეხბურთელებში – ძლიერი და დაჯერებული თამაში მოწინააღმდეგის მოედანზე. საინტერესოა, რომ მის მიერ გატანილი ბურთების საერთო რაოდენობის თითქმის ნახევარი(127-დან 59) გასვლით თამაშებზე მოდის.

პირველი, რითაც ყურადღებას იპყრობდა ეს უნივერსალური ფეხბურთელი, მაინც ბურთის ფლობისა და ტარების უმაღლესი კლასი იყო.

ბორის პაიჭაძის შემდეგ, ჩვენ არ გვყოლია დრიბლინგის ასეთი ოსტატი. რაც შეეხება ბურთის ფლობის, მისი დამუშავების და, განსაკუთრებით, გაჩერების ტექნიკას, აქ იგი, მართლაცდა, შეუდარებელი იყო.

1946 წელს სტალინგრადის “ტრაქტორთან” ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ(22 ივნისი, 5:1), სადაც მან ორი ბურთიც გაიტანა და შესანიშნავი პარტნიორობაც გაუწია ბორის პაიჭაძესა და გაიოზ ჯეჯელავას, ბრძენმა მწვრთნელმა ანდრო ჟორდანიამ იგი საბოლოოდ დაამკვიდრა შუამარბის ადგილზე. ღოღობერიძის ფართო აღიარება კი 1947 წლიდან იწყება, რომელიც მან ძალიან თანაბრად ჩაატარა და 24 თამაშში 11 გოლი გაიტტანა.