ლევან ყიფიანმა მინისტრის პოსტი დატოვა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა. ყიფიანმა გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინათ, სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, არ მინდა შევიდე პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან – კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრებთან. მათგან განსხვავებით, სახელმწიფოებრივ ინტერესებს არ ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა. ასევე მოიქცნენ ეს ადამიანები და ნუ გაცვლიან საკუთარ სამშობლოს პირად ინტერესებზე.

მინდა მივმართო პრემიერ-მინისტრს, მომზადებული მაქვს განცხადება, აქედან წავალ და ჩავაბარებ კანცელარიას. ვითვალისწინებ იმასაც, რომ ჩემი გადადგომის შემდეგ მთავრობას პარლამენტისგან ხელახალი ნდობის მოპოვება მოუწევს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პარლამენტი ჩვენს გუნდს ამ ნდობას გამოუცხადებს.

მე ამ გუნდის წევრი ვიყავი, ამ გუნდის სახელით მოვედი მთავრობაში, ამ გუნდთან ერთად გავიარე ბევრი პრობლემა და მინდა, მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის პრემიერ-მინისტს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც მოვედით მთავრობაში. ბევრი დანაპირები, რომელიც ჩვენ განვაცხადეთ, შევასრულეთ, მაგრამ ის, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ადამიანებმა გადააბიჯეს სინდისს და ნამუსს. მათ მივმართავ, რომ პროვოკაციაზე ნუ წავლენ სახელმწიფოს სახელით. სწორედ ეს არის ჩემი გადადგომის მიზეზი. არ მინდა, პრობლემა გამწვავდეს, არ მინდა, გადავიდეს იმ ზღვარს, რომელზეც, მე ვფიქრობ, უკვე გადასულია. მე არ მინდა, გავხდე სპეკულაციის ნაწილი და ვტოვებ თანამდებობას.

მე სპორტში ვარ და სპორტში ვიქნები და ყველა კითხვაზე მზად ვარ, პასუხი გავცე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს. ვთხოვ პრემიერ-მინისტს და ახალ მინისტრს, რომ შეინარჩუნონ ის კურსი, რომელიც დაისახა სამინისტრომ ამ მოკლე ხანში და ნუ დავბრუნდეთ უკან, რომელზეც უარი ვთქვით, რამდენიმე წლის წინათ.

მე ვაგრძელებ ჩემს სპორტულ მუშაობას. მომავალ წელს არის ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები და შესაძლოა, მოვემზად. შესაძლოა, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში მივიღე მონაწილეობა”, – განაცხადა ყიფიანმა.

ლევან ყიფიანი მინისტრთა კაბინეტის რიგით მეშვიდე წევრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა, რითაც ლიმიტი ამოიწურა. შესაბამისად, პარლამენტმა მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს. პრემიერ-მინისტრს ორკვირიანი ვადა ეძლევა მთავრობის ახალი შემადგენლობის დასაკომპლექტებლად, რის შემდეგაც პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად 7 დღის ვადაში წარუდგინოს. მთავრობის ნდობის მოსაპოვებლად მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუ პარლამენტმა ახალი მთავრობა არ დაამტკიცა, კონსტიტუციის მიხედვით, ეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საფუძველი ხდება.

 

“პირველი რადიო”: ლევან ყიფიანი მინისტრის პოსტს დღეს დატოვებს

“პირველი რადიოს” ცნობით, გვიან ღამით სახელისუფლებო გუნდში სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა, სადაც დახურულ კარს მიღმა გადაწყდა რომ ლევან ყიფიანი თანამდებობას დატოვებს. წყაროს თანახმად, ყიფიანი პოსტის დატოვების შესახებ განცხადებას დღეს გააკეთებს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრები მინისტრის მუშაობის უკმაყოფილონი არიან. ყიფიანის მიმართ არსებულ პრეტენზიებზე კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იმსჯელეს. “პირველი რადიოს” ინფორმაციით, სპორტისა და ახაგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მუშაობით საპარლამენტო კომიტეტის გარდა სხვა მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენლებიც იყვნენ დაინტერესებულნი და პირველადი ინფორმაციით, მათ დარღვევებიც აღმოაჩინეს.

თუ ლევან ყიფიანის პოსტიდან გადადგომა დადასტურდება, ეს მეშვიდე მინისტრის შეცვლა იქნება, რითაც ლიმიტი ამოიწურება და პარლამენტმა მთავრობას ნდობა თავიდან უნდა გამოუცხადოს.