საქველმოქმედო მატჩი აკაკი დევაძის მხარდასაჭერად (ვიდეო)

30 მარტს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციისა და საინიციატივო ჯგუფის ძალისხმევით გაიმართა საქველმოქმედო მატჩი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარის აკაკი დევაძის მხარდასაჭერად.

ვეტერანმა ფეხბურთელებმა სპორტული ჟურნალისტების, სპორტსმენების, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელების და მსახიობ-მუსიკოსთა გუნდს 14:5 სძლიეს. საქველმოქმედო შეხვედრაში ვეტერანთა შორის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ეროვნული გუნდის ექს-კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, ლევან ცქიტიშვილმა, ოთარ ხიზანეიშვილმა, ირაკლი ზოიძემ, მამუკა მაჭავარიანმა და ოთარ გაბელიამ ითამაშეს, მეტოქე გუნდში კი მსოფლიოს ჩემპიონმა ჭიდაობაში, საქართველოს 2015 წლის საუკეთესო სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, მსახიობმა ბესო ბერულაშვილმა, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა, ასევე საფეხბურთო ჟურნალისტებმა.

აკაკი დევაძეს ღვიძლზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება და რადგან ოპერაცია თურქეთში უნდა გაკეთდეს, მკურნალობა სოლიდურ თანხასთანაა დაკავშირებული. ვეტერანი მოთამაშის დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში. თანხის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია:
საქართველოს ბანკის კოდი: BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE52BG0000000692294500

ხაზგასასმელია, რომ აკაკი დევაძის სამკურნალოდ დახმარება გაიღეს ძიუდოს, კალათბურთის, ძალოსნობის და ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციებმა, ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ, ფეხბურთის ფედერაციამ, ასევე ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

აკაკი დევაძე დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელმაც საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა. ეს 1995 წელს მოხდა, როცა იმხანად რუსეთის „როსტსელმაშის” მოთამაშემ გაზეთ „სარბიელის” გამოკითხვაში გაიმარჯვა.

აკაკი დევაძემ ეროვნულ გუნდში ოცჯერ ითამაშა. პირველად 1992 წლის 2 სექტემბერს, ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ, უკანასკნელად კი 2005 წლის 30 მარტს, თურქეთთან.

სამინისტროს პრესსამსახური

ვინ არის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრობის მთავარი კანდიდატი?

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის თემა ბოლო დღეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ პოსტი ლევან ყიფიანმა დატოვა, თავისი გადაწყვეტილება კი კოლეგებთან კონფლიქტის თავიდან აცილებით ახსნა.

ყიფიანის გადადგომისთანავე საზოგადოება არაერთ კანდიდატს განიხილავდა, საბოლოო გადაწყვეტილება კი უმრავლესობისთვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი აღმოჩნდა – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბშვილმა ხსენებულ პოსტზე ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა, რომელიც რამდენიმე ბიზნესპროექტითაა ცნობილი.

პროფესიით სამართალმცოდნე საავტომობილო ჰოლდინგის “იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტი და დამფუძნებელია. ხეჩიკაშვილი ცნობილი სპორტში თავისი აქტიური მოღვაწეობითაცაა. პირველ რიგში, მას, როგორც საფეხბურთო კლუბს „საბურთალოს“ დამფუძნებელს იცნობენ. „საბურთალომ“ ბოლო წლებში მართლაც დიდ პროგრესს მიაღწია – კლუბის ბავშვთა აკადემია თავის ფუნქციას კარგად ასრულებს, ერთი კვირის წინ კი ძირითადი გუნდი პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა, შესაბამისად, შემდეგ სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

ამასთანავე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუზეუმის აღდგენაში მან დიდი წვლილი შეიტანა. გარდა ამისა, სხვადასხვა პერიოდში ხეჩიკაშვილმა რაგბი, ჩოგბურთი და ძალოსნობა დააფინანსა.

ამ ყველაფრის შესახებ სწორედ ის ხალხი საუბრობს, რომელმაც მედიასთან ხეჩიკაშვილის დანიშვნა შეაფასა. თუმცა, ამჟამად აზრები ორად გაიყო და ამ გადაწყვეტილებას ასპროცენტიანი დადებით შეფასება არ მოჰყოლია. აღსანიშნავია რამდენიმე სპორტული ფედერაციის პრეზიდენტის შეფასება, რომელიც ხეჩიკაშვილის შესაძლო დანიშვნით კმაყოფილია.

როგორც თავად აცხადებს, პოსტის შეთავაზება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მინისტრობას კი სამშობლოსა და სპორტის სიყვარულის გამო დათანხმდება. მედიასთან საუბრისას ხეჩიკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ თავის პროგრამას საზოგადოებას დაწვრილებით შემდეგ კვირას გააცნობს.

დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე, ხეჩიკაშვილმა კერძო სექტორს სპორტის დაფინანსებაში ხელი უნდა შეუწყოს. შესაძლოა, მის მთავარ კანდიდატად დასახელებაში დიდი როლი სწორედ ამ ფაქტორმა ითამაშა.