„ჰალ სიტის“ ლიდერის ორგანიზმში კოკაინი აღმოაჩინეს

„ჰალ სიტის“ პრემიერლიგის დარჩენილ ორ ტურში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის გარეშე მოუწევს.
პარასკევს გაირკვა, რომ 25 აპრილს გავლილი ნარკოტესტის შედეგად, ჯეიკ ლივერმორს ორგანიზმში კოკაინი აღმოაჩნდა, რის შემდეგაც კლუბმა ის დროებით თამაშს ჩამოაშორა.
აღნიშნულ ფაქტს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ჯერ არ გამოხმაურებულა. „The Telegraph“-ის ინფორმაციით, ლივერმორს ექვსთვიანი დისკვლიფიკაცია ელის. გამორიცხული არ არის, „ჰალმა“ მასთან კონტრაქტიც კი გაწყვიტოს.
მიმდინარე სეზონში ჯეიკმა „ჰალ სიტის“ მაისურით ჯამში 39 მატჩი ჩაატარა. გარდა ამისა, მის აქტივში ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ერთი შეხვედრაა – 2012 წლის ივნისში მან იტალიასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა.