ევროპის ლიგის წლევანდელი ფინალის მსაჯთა ვინაობა ცნობილია

ცნობილია იმ მსაჯთა ვინაობა, რომლებიც უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალურ მატჩს განსჯიან.

დნეპროპეტროვსკის “დნიპროსა” და “სევილიას” შორის გასამართ შეხვედრას 44 წლის ინგლისელი არბიტრი მარტინ ატკინსონი მოემსახურება. მის თანაშემწეებად მაიკლ მალარკი და სტივენ ჩაილდი იმუშავებენ (ორივე ინგლისიდან). მეოთხე მსაჯი ჩეხი პაველ კრალოვეცი იქნება. დამატებით ასისტენტებად ასევე ინგლისელები – ანდრე მარინერი და ენტონი ტეილორი იმუშავებენ, ხოლო სარეზერვო არბიტრი ჯეიკ კოლინი (ინგლისი) იქნება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი 27 მაისს, ვარშავის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.