ინიესტა: “ჩავიმ ბევრი რამ მასწავლა”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ თანაკლუბელ ჩავი ერნანდესს, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს, მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ გუშინ კატალონიურმა გუნდმა სეზონის უკანასკნელი საშინაო მატჩი ჩაატარა — “დეპორტივოსთან” შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა.

“დღეს ყველასთვის განსაკუთრებული დღეა. გვინდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატთან ერთად ჩემპიონთა ლიგაც მოვიგოთ. გვსურს, რომ 7 ივნისს გამარჯვებულები დავბრუნდეთ.

დღეს ჩავისთვის განსაკუთრებული დღეა. ის ნამდვილი ლეგენდაა. ჩვენ გვაქვს პატივი, მას დავემშვიდობოთ. მე მას ყველაფერს ვულოცავ, რასაც ამ წლების განმავლობაში მიაღწია და მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ ბევრი რამ მასწავლა”, – ინიესტას სიტყვები Football Espana-მ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ჩავი კარიერას ყატარის “ალ სადში” გააგრძელებს.