ნეიმარი: „ეს მსაჯები მომბეზრდნენ“

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმა კოლუმბიის ნაკრებთან „კოპა ამერიკას“ ჯგუფური ეტაპის მატჩში თავისი გაძევების შესახებ ისაუბრა.

„წესები ყოველთვის ჩემ წინააღმდეგ არის. მეტოქეები უხეშად მეთამაშებიან, მაგრამ გაფრთხილებას მხოლოდ მე ვიღებ. მომბეზრდნენ მსაჯები, რომლებმაც სწორად მუშაობა არ იციან. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, ცუდი მატჩი გამოგვივიდა. პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“, – განაცხადა ნეიმარმა.

რონალდნინიოს აღიარება

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდინიომ, რომელიც მექსიკური “კერეტაროს” ღირსებას იცავს, აღიარა, რომ კოპა ამერიკაზე ბრაზილიის თამაშებს თვალყურს არ ადევნებს. თუმცა, რონალდინიო იმედოვნებს, რომ დუნგას შეგირდები ტურნირის მოგებას შეძლებენ.

“სიმართლე გითხრათ ნაკრების თამაშებს არ ვუყურებ. ფეხბურთის ყურება არ მიყვარს, მირჩევნია მოედანზე თავად ვიმყოფებოდე. ჩვენს გუნდს წარმატებას ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ ტურნირს სწორედ ბრაზილია მოიგებს” – განაცხადა რონალდინიომ.

დანი ალვესი არ გამორიცხავს, რომ ბრაზილია სუსტი გუნდია

ბრაზილიის ნაკრების მცველმა დანი ალვესმა საკუთარი გუნდი კოლუმბიასთან მარცხის შემდეგ გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ გუნდები კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში შეხვდნენ ერთმანეთს და დუნგას შეგირდებმა მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგეს. 

“შესაძლოა, ჩვენ არ ვართ კარგი გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ კლუბებში ვთამაშობთ” – განაცხადა “ბარსელონას” ფეხბურთელმა.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში ბრაზილია ვენესუელას შეხვდება. მატჩი 22 ივნისს შედგება.

ნეიმარი და კარლოს ბაკა ჩხუბის გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა (ვიდეო)

18 ივნისს, კოპა ამერიკის გათამაშებაში ერთმანეთს ბრაზილიისა და კოლუმბიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა კოლუბმიელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, ერთადერთი გოლი ჯეისონ მურილომ გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ნეიმარმა ბურთი პაბლო არმეროს გაარტყა, რის გამოც მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. საბოლოოდ, მსაჯმა წითელი ბარათი ნეიმარსა და კოლუმბიელ თავდამსხმელ კარლოს ბაკას უჩვენა.

მესიმ იუარა: “მე საუკეთესო არ ვარ”

კოპა ამერიკის ტურნირზე, არგენტინასა და პარაგვაის ჩატარებულ მატჩს შორის, რომელიც 2-2 დასრულდა, საუკეთესოდ ლეო მესი დაასახელეს, რამაც არგენტინელის შეშფოთება გამოიწვია.

ანგარიში სერხიო აგუერომ გახსნა, 5 წუთში მესიმ არგენტინელები კიდევ უფრო წინ გაიყვანა, საბოლოოდ, პარაგვაელებმა შეძლეს მატჩის შემობრუნება და ერთი ქულა მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ, სპეციალურმა კომისიამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად “ბარსელონასა” და ტატა მარტინოს გუნდის ვარსკვლავი, ლეო მესი დაასახელა, მაგრამ 27 წლის შემტევმა პრიზი არ მიიღო.

მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მესის თავად სხვა ფეხბურთელი მიაჩნდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. მან ხელი ნელსონ ვალდესს დაადო. მოთამაშეს, რომელმაც პარაგვაისთვის სხვაობა შეამცირა, ხოლო ლუკაშ ბარიოშმა შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.

არგენტინა B ჯგუფის მეორე მატჩს სამშაბათს, ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს.

ხერარდო მარტინომ პარაგვაისთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ „კოპა ამერიკას“ პირველ ტურში პარაგვაისთან ფრედ 2:2 დასრულებული მატჩი შეაფასა.

„ვალდესის გოლზე განსაკუთრებით სათქმელი არაფერი მაქვს, 50 წუთის განმავლობაში თამაშს ვაკონტროლებდით და გატანა კიდევ შეგვეძლო. შემდგომ თავდაჯერებულობა დავკარგეთ და მეტოქის ზეწოლას ვერ გავუძელით, რეაგირება კი ვერ მოვახერხეთ.

მოედანზე სრული დომინირებით უნდა ვთამაშობდეთ, ისეთ გრძნობა მაქვს, რომ კონტროლი დავკარგეთ. შექმნილი მდგომარეობა უნდა შევაფასოთ. არადა, პირველ ტაიმში ყველაფერი კარგად იყო.

ჩვენთვის ეს დარტყმაა, თუმცა მას უნდა გავუძლოთ. ბრძოლას გავაგრძელებთ. კარგია, რომ ეს ჯგუფურ ეტაპზე და არა პლეიოფში მოგვივიდა.

გამარჯვება ხელიდან გავუშვით, რაც ჩვენი მინუსია“, – თვლის მარტინო.

მექსიკა და ბოლივია უგოლოდ დაშორდნენ

კოპა ამერიკაზე ა ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში მექსიკის ნაკრები ბოლივიას დაუპირისპირდა.

აღნიშნულმა შეხვედრამ გულშემატკივართა მოლოდინი ვერ გაამართლა. ტურნირის მეორე მატჩი გატანილი გოლეიბს გარეშე დასრულდა და არც მოემენტების სიმრავლით გამოირჩეოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩილემ ეკვადორს 2:0 სძლია.

უილ სმიტმა სერხიო აგუეროს კოპა ამერიკის მოგება უსურვა (ფოტო)

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა უილ სმიტმა სოციალური ქსელის მეშვეობით “მანჩესტერ სიტისა” და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელ სერხიო აგუეროს კოპა ამერიკის ტურნირზე წარმატება უსურვა.

“სერხიო აგუეროს კოპა ამერიკა 2015-ის მოგებას ვუსურვებ”, – დაწერა მსახიობმა და თან არგენტინელ ფეხბურთელთან ერთად გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.

თავის მხრივ, აგუერომ სმიტს მადლობა გადაუხადა:

“მადლობა, უილ! გეპატიჟები ნებისმიერ მატჩზე, რომლის ხილვაც მოგესურვება”.

Will Smith - Sergio Aguero

ვიდალი: “სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია”

ეკვადორთან გამარჯვების შემდგე, ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა კომენტარი გააკეთა.

კოპა ამერიკა ჩილესა და ეკვადორის ნაკრებებს შორის მატჩით გაიხსნა. მასპინძლებმა 2-0 იმარჯვეს, არტურო ვიდალის პენალტისა და ედუარდო ვარგასის გოლის წყალობით.

“ტურნირის გახსნითი მატჩი ყოველთვის რთულია. ყველა ვნერვიულობდით. რაც მთავარია, მოვახერხეთ სამი ქულის მოპოვება,”-განაცხადა ვიდალმა.

“სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ყველა თამაშში უფრო და უფრო უნდა დავიხვეწოთ და დავდგეგთ იმ დონეზე, რომ ღირსეულად ვიასპარეზოთ ტურნირზე”.

კავანიმ იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია (ვიდეო)

ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ედინსონ კავანიმ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე იამაიკა აფრიკის ქვეყნად მოიხსენია.

“პატივი უნდა ვცეთ იამაიკას. როგორც სხვა აფრიკული ქვეყნები, ისინიც ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან. მათი დაუფასებლობა არ შეიძლება”, – თქვა კავანიმ პრესკონფერენციაზე.

ურუგვაელმა თავდამსხმელმა მოგვიანებით სოციალური ქსელის მეშვეობით ბოდიში მოიხადა.

“პირველ რიგში, იამაიკასა და მის ხალხს ბოდიშს ვუხდი. გონებაში თქვენი ნაკრებისა და სხვა აფრიკული გუნდების სტილი და მახასიათებელი ერთმანეთს შევადარე, თუმცა მე ამ შედარების მხოლოდ ნახევარი განვმარტე, ამიტომ გამოვიდა ეს ყველაფერი ასე არაზუსტად.

საჯარო ბოდიშს გიხდით და იმედია, ამ ყველაფერს იუმორით შეხედავთ”, – დაწერა კავანიმ სოციალურ ქსელში.

მოგეხსენებათ, იამაიკა კარიბის ზღვაში მდებარეობს. ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა შავკანიანია.

კოპა ამერიკის ეგიდით ურუგვაისა და იამაიკის ნაკრებებს შორის მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

მესი, ნეიმარი და სხვა ვარსკვლავები, რომელთა გამო „კოპა ამერიკას“ უნდა ვუყუროთ

მიუხედავად იმისა, რომ მოახლოებულ სამხრეთ ამერიკის თასს, ლუის სუარესის სახით, ერთი ვარსკვლავი დააკლდება, „კოპა ამერიკა“ მაინც ცხელი უნდა გამოვიდეს, რადგან მას არაერთი სხვა წამყვანი ფეხბურთელი დაამშვენებს.

ლიონელ მესი (არგენტინა)

განაცხადში მესის გვარის ხილვა ტურნირისადმი ინტერესს ავტომატურად ზრდის. 2015 წელს მარტინოს მესი არ შეუწუხებია – ორ ამხანაგურ მატჩში ლეო სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მესამე კი ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამო გამოტოვა. თუმცა, უკვე ჩილეში, როგორც მწვრთნელი, ისე გულშემატკივრები მესისგან ბეჯით თამაშს ელიან.

როგორც ჩანს, ამაში მწვრთნელისა და ფეხბურთელის სურვილები ერთმანეთს ემთხვევიან. რა თქმა უნდა, ლეოს, რომელსაც აქამდე სანაკრებო დონეზე ტიტული ჯერ არ მოუგია, კარიერაში არგენტინასთან ერთად წარმატების მიღწევა სურს.

Messi

სერხიო აგუერო (არგენტინა)

განვლილი საკლუბო სეზონი აგუეროსთვის, პირადი სტატისტიკის მხვრივ, წარმატებული გამოდგა. ჩემპიონატში 26 გოლი მას აქამდე არ გაუტანია. ნაკრების ბოლო ორ სპარინგში კი მან ხერარდო მარტინოს დაუმტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იგუაინზე მეტად იმსახურებს.

ეკვადორის კარში სერხიომ ერთი გოლი გაიტანა, ბოლივიასთან კი ჰეთთრიკი მიითვალა, ამიტომაც ტურნირის დასაწყისში ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა არგენტინის ნაკრებში არ უნდა იყოს. თანაც, სერხიოს „მანჩესტერ სიტისთან“ წელს ვერაფერი მოუგია, ამიტომაც მას ორმაგი მოტივაცია უნდა ჰქონდეს.

BRAZIL SOCCER FIFA WORLD CUP 2014

ნეიმარი (ბრაზილია)

სუარესის არყოფნაში მესის პირველი კონკურენტი, სავარაუდოდ, სწორედ მისი თანაკლუბელი ნეიმარი იქნება.

დუნგამ ნეიმარი არამხოლოდ კაპიტნად, არამედ ნაკრების მთავარ იმედად აირჩია. სკოლარის პერიოდში იგივე იყო – გასულ ზაფხულში ბრაზილიელები მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. მის გარეშე „სელესაო“ გერმანიის ნაკრებთან უშანსოდ განადგურდა. ასაკის მიუხედავად (23 წელი), ნეიმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ამიტომაც, ჩილეში მისგან ვირტუოზული თამაშის ნაცვლად, პროდუქტიულ ფეხბურთს ითხოვენ. აქ ნეიმარს მესისა და სუარესის მსგავსი პარტნიორი არ ჰყავს, ასე რომ, ვარსკვლავს ბევრი შრომა მოუწევს.

Neymar

ალექსის სანჩესი (ჩილე)

ჩილეს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდი არასდროს გამხდარა, მაგრამ საშინაო ტურნირზე მცირე იმედი მაინც აქვს. ამ იმედს გუნდის ლიდერების ბრავოს, ვიდალისა და ალექსის სანჩესის კარგი სათამაშო ფორმა ზრდის.

ხორხე სამპაოლის კოზირი სწორედ ალექსისია. კატალონიიდან ინგლისში გადასვლა თავდამსხმელს ძალიან გამოადგა. თუ „ბარსაში“ სანჩესი მცოდნე ფეხბურთელის როლს თამაშობდა, „არსენალში“ ის ნამდვილი ოსტატია. სადებიურო სეზონში ყველა ტურნირზე 25 გოლი ჩინებული შედეგია. მართალია, ნაკრებში წელს მას ჯერ არ გაუტანია, თუმცა, შესაძლოა, ეს დამატებით მოტივაციის მიზეზიც კი გახდეს.

Alexis Sanchez

ხამეს როდრიგესი (კოლუმბია)

ხამეს როდრიგესის მადრიდული პრემიერა ნამდვილად წარმატებული გამოდგა, რასაც „გოლი+პასის“ სისტებით 26 ქულა ადასტურებს. კარგი იქნებოდა, თუ ის ტიტულსაც მოიგებდა, მაგრამ გასულ სეზონში „რეალს“ ეს ვერ გამოუვიდა.

სხვათა შორის, ხამესი 2015 წლის „კოპა ამერიკას“ მონაწილეთა შორის თავისი სატრანსფერო ფასით მეორეა. გასულ ზაფხულში „რეალმა“ მის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადა, რაც 3,5 მილიონზე ნაკლებია იმ თანხაზე, რომელიც „ბარსამ“ ნეიმარზე დახარჯა. რაც შეეხება მესის, ის არავის უყიდია, ასე რომ, მის სატრანსფერო ფასზე საუბარი არ ღირს.

Colombia v Uruguay: Round of 16 - 2014 FIFA World Cup Brazil

რადამელ ფალკაო (კოლუმბია)

რამდენიმე წლის წინ ფალკაო სატრანსფერო ბაზარზე ძალიან პოპულარული იყო. ფენომენალური გოლეადორის შეძენა ევროპის თითქმის ყველა გრანდს სურდა. ამ მხვრივ, ინტუიციამ კოლუმბიელს უღალატა – მან „მონაკო“ და საფრანგეთის ჩემპიონატი აირჩია, რაც პოტენციალის გამოსამჟღავნებლად საუკეთესო ვარიანტი არ ყოფილა.

რადამელმა კარიერის საუკეთესო წლების გახსენება „მანჩესტერ იუნაიტედში“ სცადა, მაგრამ იმდენად წარუმატებელი სეზონი გამოუვიდა, რომ იჯარის შემდეგ კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ თავისებური გამოწვევაა. 30 წლის ფეხბურთელს იმის დამტკიცება მოუწევს, რომ საუკეთესო ბობმარდირული შესაძლებლობები ჯერ არ დაუკარაგავს.

Radamel Falcao

რაფაელ მარკესი (მექსიკა)

მარკესს „კოპაზე“ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში უთამაშია და მას ის „ბარსელონაც“ ახსოვს, რომელშიც მესი ჯერ არ თამაშობდა. ლეგენდარულობის მიუხედავად, მექსიკელი ვეტერანი ბუტსების ლურსმანზე დაკიდებას არ ჩქარობს. აშშ-სა და სამშობლოში თავგადასავლის შემდეგ რაფა მოულოდნელად ევროპაში დაბრუნდა, სადაც „ვერონას“ შემადგენლობაში არც თუ ისე ცუდი სეზონი გამოუვიდა.

მარკესზე უფროსი სამხრეთ ამერიკის თასზე მხოლოდ 37 წლის პარაგვაელი მეკარე ხუსტო ვილარია. სამაგიეროდ, ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (126) სწორედ რაფაელს აქვს ჩატარებული. მექსიკის ნაკრებისთვის კაპიტნის გამოცდილება სერიოზულია პლუსია. მისთვის მოახლოებული „კოპა ამერიკა“ უკვე მეხუთე იქნება: წინა ოთხ გათამაშებაში მან სამი მედალი მოიპოვა – ორი ბრინჯაოს და ერთი ვერცხლის.

Marquez

ედინსონ კავანი (ურუგვაი)

ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-სგან ლუსი სუარესის ამნისტიის მიღება ვერ გამოუვიდა, რაც იმას ნიშნას, რომ საჩემპიონო ტიტულის დაცვა კავანის მარტოს მოუწევს.

ბოლო ორ მოსამზადებელ მატჩში ედინსონის სამი გოლი ურუგვაელებს იმის იმედს აძლევს, რომ პსჟ-ს ფორვარდი სუარესის შეცვლას მოახერხებს, ამავდროულად ნათელია, რომ სუარესის დაკარგვა უკვალოდ მაინც არ ჩაივლის…

Cavani

კოპა ამერიკას პრევიუ – ცხელი ზაფხული ჩილეში

ოთხი წლის წინ კოპა ამერიკას შედეგებმა ყველა გააკვირვა. მაშინ ბრაზილია და არგენტინა მეოთხედფინალში გამოეთიშნენ ასპარეზობას, პარაგვაიმ ფინალში მოუგებლად მიაღწია, ბრინჯაოსთვის კი ერთმანეთის წინააღმდეგ პერუ და ვენესუელა წარსდგნენ.

კონტინენტის მოახლოებულ პირველობაზე სენსაციების ასეთი რაოდენობა ფაქტობრივად გამორიცხულია, მაგრამ საინტერესო ბევრი გველის. პირველ რიგში ინტერესს დუნგას ფორმაციის ნაკრების ხილვა იწვევს. საინტერესოა არგენტინის შესანიშნავი შეტევის ხაზის ხილვა, სუარესის გარეშე მოთამაშე ურუგვაის და კოლუმბიელებისა და ჩილეს ოქროს თაობის თამაში.

ტურნირის თორმეტივე მონაწილე უკვე ჩილეშია. უკანასკნელად ჩლელებმა ამ გათამაშებას 1991 წელს უმასპინძლეს და საპატიო მესამე ადგილიც მოიპოვეს. ჩემპიონობა კი იმ შეჯიბრზე არგენტინელებმა იზეიმეს. განმეორდება თუ არა ისტორია 4 ივლისს გავიგებთ, როდესაც სანტიაგოს ნაციონალურ სტადიონზე სამხრეთ ამერიკის ორი უძლიერესი გუნდი გამოვა. მანამდე კი ტურნირის ყველა მონაწილე გაგაცნობთ.

A ჯგუფი

(ჩილე, ეკვადორი, მექსიკა, ბოლივია)

ტურნირის მასპინძებს კოპა ამერიკა მოგებული არ აქვთ, თუმცა ახლა ჩილელებს საკმაოდ კარგი შანსები აქვთ. ახლანდელი თაობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. ხორხე სამპაოლის გუნდის ნამდვილი ლიდერები არტურო ვიდალი და ალექსის სანჩესი არიან, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთში ავტორიტეტულ მოთამაშეებათ ითვლებიან და გუნდისთვის შედეგის მოტანა შეუძლიათ. გასული წლის მუნდიალზე ჩილელების შესანიშნავი თამაში და მათ მიერ განადგურებული ესპანეთი ალბათ ყველას გახსოვთ. გუნდის მთავარი პრობლემა მოკლე სათადარიგოთა სკამია. ძირითადის ნებისმიერი მოთამაშის ამოვარდნის შემთხვევაში სამპაოლის გარკვეული პრობლემები შეექმნება.

ეკვადორისთვის კოპა ამერიკას პლეიოფში თამაში ოცნებად იქცა. უკანასკნელად ეკვადორელებმა ჯგუფიდან გასვლა 1997 წელს შეძლეს. ოცნების ასრულება გუსტავო კინტეროსის შეგირდებს დიდი ალბათობით ახლაც გაუჭირდებათ. გუნდის მთავარი ვარსკვლავები, ლუის ანტონიო ვალენსია და ფელიპე კაისედო ტურნირს ტრავმების გამო გამოტოვებენ.

მექსიკის ნაკრები ტურნირზე ლიდერების გარეშე მიემგზავრება. მიგელ ერერამ წამყვანი მოთამაშეების დასვნება გადაწყვიტა, რადგან ივლისში მექსიკელებს კონკაკაფის ოქროს თასი ელით, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. თუმცა, მექსიკელებისგან კვლავ სწრაფ და დინამიურ თამაშს უნდა ველოდოთ, რასაც ერერას გუნდმა გასული წლის მუნდიალზე მიგვაჩვია. საინტერესო იქნება ხესუს კორონას თამაში, რომელამც “ტვენტეში” შესანიშნავი სეზონის ჩაატარა და ერედივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეც იყო. მექსიკელთა დაცვაზე კი ვეტერანი რაფაელ მარკესი იზრუნებს.

ბოლივიელებმა ჯგუფიდან გასვლა ბოლოს 18 წლის წინ შეძლეს და მას შემდეგ ტურნირზე ერთი მატჩიც კი არ მოუგიათ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო სორიმ წარუმატებელი პერიოდის დასრულება სათამაშო ფილოსიფიის შეცვლით გადაწყვიტა და ბოლივიელები შემტევ ფეხბურთზე გადააწყო. ბოლივიელთა შემადგენლობაში უმეტესწილად ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელები თამაშობენ.

 

B ჯგუფი

(არგენტინა, ურუგვაი, პარაგვაი, იამაიკა)
არგენტინის ნაკრები ტურნირის მთავარი ფავორიტია. ხერარდო მარტინოს გუნდი კოპა ამერიკაზე შესანიშნავი შეტევის ხაზით გამოირჩევა: ლეო მესი, სერხიო აგუერო, კარლოს ტევესი და გონსალო იგუაინი. ასეთი თავდასხმით კოპა ამერიკაზე წარმატება ერთი შეხედვით გარდაუვალია. არგენტინელებს არც სხვა ხაზებში აკლიათ გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშეები. მნიშვნელოვანია, რომ მარტინომ ეს შემსრულებლები ტურნირზე ერთ გუნდად შეკრას. არგენიტნელთა შემადგენლობა ზედმეტად ძლიერია იმისთვის, რომ მხოლოდ მესიზე იყოს დამოკიდებული. 
ჯგუფურ ეტაპზე “ალბისელესტესთან” ბრძოლა რთული იქნება. ამის გაკეთება ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, ურუგვაის გუნდსაც გაუჭირდება. ოსკარ ტაბარესი ორი უძლიერესი მოთამაშის გარეშე დარჩა. დიეგო ფორლანმა საერთაშორის კარიერა დაასრულა, ლუის სუარესი კი კვლავ დისკვალიფიცირებულია. ურუგვაელების ლიდერი ამ ტურნირზე ედისონ კავანი იქნება. საინტერესო იქნება დიეგო როლანის თამაშის ხილვა, რომელმაც “ბორდოს” შემადგენლობაში 15 გოლის გატანა შეძლო. 
ცოტა ხნის წინ პარაგვაელები კოპა ამერიკას ფინალში თამაშობდნენ, თუმცა მუნდიალის შესარჩევის შემდეგ ისინი მიწაზე დაეშვნენ. ახლა გუნდს რამონ დიასი წვრთნის. არგენტინელი აქცენტს ახლაგაზრდობისა და გამოცდილების სინთეზზე აკეთებს. მის გუნდში ტურნირის ყველაზე ასაკოვანი მოთამაში, 37 წლის მეკარე ხუსტო ვილიარი თამაშობს. შეტევაში მთავარი მოქმედი პირი 33 წლის როკე სანტა კრუზია, რომელსაც დამხარებას 30 წლის ბარიოსი, კესერის და ორტიგოსა გაუწევენ. ამავდროულად არიან საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშეები. პირველ რიგში ეს მარჯვენა ვინგერი დერლის გონსალესია. 
იამაიკის ნაკრებს ტურნირზე გერმანელი ვინი შეფერი გაიყვანს, რომელიც გუნდს 2018 წლის მუნდიალისთვის ამზადებს. გუნდის ძირითად ბირთვს ბრიტანეთში მოთამაშე ლეგიონერები წარმოადგენენ – “ლესტერის” კაპიტანი უეს მორგანი და “რედინგის” ტრიო მარიაპის, ჰექტორის და მაკლირის შემადგენლობით.
 
C ჯგუფი
(ბრაზილია, კოლუმბია, პერუ, ვენესუელა)
ჩილეში დუნგას განახლებული ბრაზილია მიჰყვას. გერმანიასთან განადგურებული გუნდის შემადგენლობიდან კოპაზე მხოლოდ დავიდ ლუისი, დანი ალვესი და ფერნანდინიო ითამაშებენ. სამაგიეროდ ბრაზილიელთა შემადგენლობას გააძლიერებენ ფელიპე კოუტინიო, რობერტო ფირმინიო და ფაბინიო. კვლავ ბევრი რამაა დამოკიდებული ნეიმარზე, რომლისთვისაც გასული სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა. ბრაზილიის შემადგენლობაში დიეგო ტარდელის ადგილიც მოიძებნა. 
ჯგუფურ ეტაპზე ბრაზილიელთა მთავარი მეტოქე კოლუმბიის ნაკრებია, რომელიც კოპა ამერიკაზე ოპტიმალური შემადგენლობით წარსდგება. ხამეს როდრიგეს, კარლოს ბაკა, ხუან კუადრადო – ეს ფეხბურთელები კოლუმბიელთა მთავარ დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ. კარის უსაფრთხოებაზე კი კვლავ დავიდ ოსპინა იზრუნებს, რომელიც “არსენალის” პირველი ნომერი გახდა. ხოსე პეკერმანის კოზირი კი რადამელ ფალკაო იქნება, რომლისთვისაც კოპა ამერიკა საკლუბო კარიერის დალაგების შანსიც არის. 
პერუს მწვრთნელ რიკარდო გარეკას შემადგენლობის გაახალგაზრდავებს ურჩევდნენ, თუმცა ტურნირზე მან გამოცდილი კადრების წაყვანა ამჯობინა. ოთხი წლის შემდეგ გარეკამ ნაკრებში კლაუდიო პისარო დააბრუნა, რომელიც უკვე 36 წლის არის. შემადგენლობაში არიან სხვა ვეტერანებიც – ჯეფერსონ ფარფანი, ხუან ვარგასი, ხოსე პაოლო გერერო. შედარებით ახალგაზრდებიან კი კარლოს ამბრანო და ანდრე კარილიო არიან გამოსარჩევები.
ნათელია, რომ პერუელები ჯგუფიდან გასვლას მხოლოდ სასწაულის დახმარებით თუ შეძლებენ. ისევე როგორც ვენესუელის ნაკრები, რომელიც მართალია ბოლო წლებში პროგრესირებს, მაგრამ ჯგუფში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით წარმატების შანსი მინიმალურია. გასათვალისწინებელი ისიც არის, რომ ვენესუელელთა პროგრესი სესარ ფარიასს უკავშირდებოდა, როელიც გუნდთან ერთად აღარ მუშაობს. ახალი მწვრთნელი კი ნოელ სანვისენტეა, რომელიც გუნდში რევოლუციური იდეებით არ მოსულა და შემადგენლობის მხრივაც ფაქტობრივად არაფერი შეუცვლია. ვენესუელას თამაში 35 წლის ხუან არანგოაზეა დამოკიდებული. მისი გადაცემების გოლებად ქცევას კი სოლომონ რონდონი და ჯოზევ მარტინესი ეცდებიან.