ადამაძე: “გუნდმა მეორე წრეში დასახული მიზანი შეასრულა”

დასრულდა სეზონი და კონტრაქტის ვადა სხვების მსგავსად, გუნდის კაპიტანსაც, გურამ ადამაძესაც ამოეწურა. “ტორპედოს” გულშემატკივრების უმეტესობას აინტერესებს, თუ როგორ განვითარდება 27 წლის მცველის მომავალი და დარჩება თუ არა ქუთაისში.

ამასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ადამაძეს Fanebi.Com გაესაუბრა.

-როგორც ვიცით, გუნდში ყველა ფეხბურთელს ამოეწურა კონტრაქტის ვადები. რა ხდება თქვენს მომავალთან დაკავშირებით და აპირებს თუ არა გუნდი, თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას?

– დიახ, სხვა ფეხბურთელების მსგავსად გუნდთან არსებული ხელშეკრულების ვადა მეც ამომეწურა. ამჟამად, ჩემსა და გუნდს შორის ახალი კონტრაქტის პირობებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

– “ტორპედოს” ქომაგები, “ჯუნგლები” გუნდის ნამდვილ ლიდერად მიგიჩნევენ და ძალიან გაფასებენ. მათ კლუბში ყველაზე მეტად თქვენი დარჩება სურთ. რას ფიქრობ მათზე და თავად თუ მიიჩნევთ თავს გუნდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად?

– გუნდის ქომაგებზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ისინი ნებისმიერ მომენტში ჩვენს გვერდით არიან და მხურვალედ გვქომაგობენ.

– და ბოლოს, როგორ შეაჯამებდი “ტორპედოს” მიერ განვლილ, მიმდინარე სეზონს და კმაყოფილი ხარ თუ არა, გუნდის ნაჩვენები შედეგით?

– გუნდმა მეორე წრეში დასახული მიზანი შეასრულა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. უბრალოდ, ჩვენ სატურნირო ცხრილში უფრო მაღალი პოზიციის დაკავება შეგვეძლო და სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოვახერხეთ.