როგორც იცით, ს.კ “ზესტაფონი” ოფიციალურად დაიშალა. იმერული გუნდიდან ბევრი თავისუფალი აგენტი დარჩა და მათ შორის უნიჭიერესი ახალგაზრდები.
ქართველ გულშემატკივარს მათი ბედი განსაკუთრებულად აინტერესებს. Fanebi.Com კი სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით “ზესტაფონელთა” ყოფილ 18 ნახევარმცველს, მათე კვირკვიას გაესაუბრა.
– “ზესტაფონი” დაიშალა. ზოგმა უცხოეთს მიაშურა, ზოგმა თავის წარმოჩენის სურვილი საკუთარ ქვეყანაშივე გამოთქვა. როგორია შენი გეგმები მომავალთან დაკავშირებით, აპირებ თუ არა საქართველოში დარჩენას და რამდენად დიდია ამის შანსი?
– პირველ რიგში, ყურადღება “ზესტაფონზე” მინდა გავამახვილო. ძალიან დამწყდა გული იმ გუნდის დაშლაზე, რომელიც წლების მანძილზე საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მაქვს უცხოეთის ვარიანტები, მაგრამ ჯერ-ჯერობით დაზუსტებით ვერ გეტყვით, კარიერას ქვეყნის გარეთ გავაგრძელებ თუ ქართულ კლუბებში. აქ არ მქონია არანაირი შემოთავაზება და თუ მექნება, დავფიქრდები და შემდეგ გადავწყვეტ ყველაფერს.
– ვისაუბროთ საქართველოს ჩემპიონებზე და თავად ჩემპიონატში არსებულ სიტუაციაზე. შენი აზრით, იმსახურებდა გორის “დილა” ჩემპიონობას? შეძლებენ ისინი ევროასპარეზზე ქვეყნის სახელის წარმატებულად წარმოჩენას?
– რა თქმა უნდა, გორელები ამ ტიტულს იმსახურებდნენ, რადგან “დილა” მთელი სეზონის მანძილზე სტაბილურად გამოიყურებოდა. ჩემი აზრით, სწორედ მათ აქვთ ევროტურნირებზე ყველაზე კარგი შანსი და ყველა ქართულ კლუბს წარმატებას ვუსურვებ.
– და ბოლოს, თქვენი აზრით, რისი ბრალია ქართულ ფეხბურთში წარმოქმნილი პრობლემები და რა დრო დასჭირდება მათ აღმოფხვრას?
– სამწუხაროდ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, ქართველი გულშემატკივარი სულ მალე იხილავს იმ ფეხბურთს ჩვენი ქვეყნის გუნდებისგან, რომელთაც ასე ელიან.