ბაჩო მიქავამ “ლოკომოტივი” დატოვა

თბილისის “ლოკომოტივი” მეკარე ბაჩო მიქავამ დატოვა. 22 წლის ფეხბურთელს “რკინიგზელებთან” კონტრაქტი ამოეწურა.

მიქავა “ლოკომოტივში” 2012 წელს ჩაირიცხა, 2013-14 წლების სეზონი ქუთაისის “ტორპედოში” გაატარა და შემდეგ ისევ “რკინიგზელებს” დაუბრუნდა. მას საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია.

ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას ახალგაზრდა კარის დარაჯი.

ბაჩო მიქავა: “სან მარინოსთან სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ”

3 ივნისს, საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ მატჩს გამართავს. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი უკვე სან მარინოშია, სადაც სულ მალე ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

გუნდთან ერთად იმყოფება “ლოკომოტივის” 21 წლის მეკარე ბაჩო მიქავა, რომელსაც Fanebi.Com დაუკავშირდა და თავდაპირველად, “ბორჯომისა” და “მეტალურგის” წინააღმდეგ გამართულ მატჩზებზე ესაუბრა.

– ვფიქრობ, “ლოკომოტივსა” და “ბორჯომს” შორის გამართული მატჩის სანახაობრივი იყო. მაყურებელმა კარგი თამაში იხილა, რაც მთავარია, ექვსი გოლი გავიდა. იყო დამატებითი ტაიმები და პენალტების სერია.

– ამის შემდეგ, რუსთავის “მეტალურგს” შეხვდით, რომელიც ანგარიშით 5:0 დაამარცხეთ. ელოდი ასეთ იოლ გამარჯვებას?
– სიმართლე გითხრათ, გამარჯვებას ველოდი, მაგრამ არ მეგონა, ასე იოლად თუ მოვიგებდით. “მეტალურგი” უმაღლეს ლიგაში თამაშობდა და გვეგონა, რომ ეს გუნდი უფრო დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა.

– რა მიზანი ექნება “ლოკომოტივს” უმაღლეს ლიგაში?
– “ლოკომოტივი” ყველა თამაშზე ბოლომდე იბრძოლებს. ჩვენი მიზანი კი ის იქნება, რომ ცხრილში რაც შეიძლება კარგი პოზიცია დავიკავოთ. ალბათ, უფრო მაღალი ადგილებისათვის ვიბრძოლებთ.

– ახლა ნაკრებზეც გკითხავთ. ალექსანდრე ჩივაძემ 21-წლამდელთა გუნდში გამოგიძახათ. პირველ მატჩს სან მარინოს წინააღმდეგ გამართავთ…
– ვემზადებით და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. თუმცა, ადვილი თამაში არ გველის.

– როგორ ფიქრობ, რა შანსი აქვს საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპზე, სადაც სან მარინოს გარდა, ჩვენი გუნდის მეტოქეები ესპანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და ესტონეთის ნაკრებები არიან?
– მთავარია, ყველა თამაშზე ვიბრძოლოთ და ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ. დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. თუ ყველა მატჩს მონდომებით ჩავატარებთ, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში მოწინავე პოზიციის დაკავების კარგი შანსი ექნება.