ბათუმის “დინამო” თეიმურაზ შონიამ დატოვა

როგორც მოგეხენებათ, გუშინ ეროვნულ ლიგა 1-ის პლეი-ოფის შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” ბოლნისის “სიონთან”, თერთმეტმეტრიანების სერიაში დათმო მომავალ სეზონში საქართველოს რანგით პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ აჭარელთა შემადგენლობა დატოვა გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ, ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს და თან შონიას მცირე კომენტარსაც აქვეყნებს: “4 სეზონი, 100-მდე მატჩი, ბევრი სიხარული და ხალხის დიდი სიყვარული. სასწაული ბიჭები, რომელთა გვერდითაც მომიწია თამაში და ამაყი ვარ, რომ ეს ბიჭები ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ. ყველას დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა მწვრთნელებს, პერსონალს და უფროსობას ნდობისთვის. ყველაზე დიდი მადლობა ბათუმელ გულშემატკივარს, რომელიც მიუხედავად ცუდი სეზონისა ბოლომდე, ბოლომდე ჩვენს გვერდში იდგა. მადლობასთან ერთად, დიდი ბოდიში, რომ იმედები გაგიცრუეთ. “პირატებო”, თქვენ საუკეთესოები ხართ და იმსახურებთ უმაღლესში დაბრუნებას და ბევრ წარმატებას. მადლობა განვლილი ოთხი სეზონისთვის”, – აცხადებს თეიმურაზ შონია.

4 სეზონის განმავლობაში 27 წლის ნახევარმცველმა ბათუმელთა რიგებში 109 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლით გამოიჩინა თავი.

თეიმურაზ შონია: “ვულოცავ “ლოკომოტივს” პირველ გამარჯვებას”

დღეს ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე ერთმანეთს “ლოკომოტივი” და ბათუმის “დინამო” დაუპირისპირდნენ. გამარჯვება დედაქალაქელებს დარჩათ, რომელთა მხრიდან დუბლით ირაკლი სიხარულიძე გამოირჩა. აჭარელთა მხრიდან ერთადერთი ბურთი თეიმურაზ შონიამ გაიტანა.

Fanebi.Com-ი შონიას დაუკავშირდა და მას მატჩის შეფასება სთხოვა.

“ვიცოდით, რთული მატჩი იქნებოდა. ეს სეზონის პირველი შეხვედრა იყო. ამ დროს კი გუნდები, დაახლოებით, ერთნაირ კონდიციებში არიან და ყველა ცდილობს კარგად დაიწყოს ჩემპიონატი.”

“ჩვენ ერთადერთი მიზანი გვქონდა: მოსაგებად ჩამოვედით. დასაწყისში უპირატესობაც მოვიპოვეთ და გოლიც გავიტანეთ, გვქონდა რამდენიმე კარგი შანსი. თუმცა, რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ და ორი გოლი მივიღეთ. ამის შემდეგ ძალიან გაძნელდა თამაშის შემოტრიალება.”

“ვულოცავ “ლოკომოტივს” ამ გამარჯვებას!” – განუცხადა ჩვენს საიტს აჭარელთა ერთ-ერთმა ლიდერმა.

ბათუმის “დინამოს” კაპიტანი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს

ვლადიმერ ვაისმა ბათუმის “დინამოს” კაპიტანი, თეიმურაზ შონია ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა.

26 წლის ნახევარმცველს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. იგი მთელი ჩემპიონატის მანძილზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. საბოლოოდ, “დინამო” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე დიდი ბრძოლის შემდეგ მოხვდა.

შონიას 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული 21 წლამდელთა ეროვნულ გუნდში.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქართველები 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

თეიმურაზ შონია: “დანებებას არ ვაპირებთ”

ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველმა თეიმურაზ შონიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან უეფას ევროპალიგის წილისყრის შედეგებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმელები პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ურთიერთობას კვიპროსულ “ომონიასთან” გაარკვევენ.

“განთესილთა კალათიდან ერთ-ერთი ურთულესი მეტოქე შეგხვდა, მაგრამ არ ვაპირებთ დანებებას. ჩვენ ვიბრძოლებთ და შედეგიც აუცილებლად მოვა. ჩვენს გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ” – განაცხადა შონიამ.

“დინამოსა” და “ომონიას” პირველი მატჩი 2 ივლისს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.