იტალიის ქალაქ ფლორენციაში ყოველწლიურად იმართება უჩვეულო ტურნირი, რომელიც ფეხბურთის, რაგბის, გლადიატორთა და თანამედროვე ბრძოლების ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. ფლორენციაში ასეთ თამაშებს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აწყობდნენ.
წესები მარტივია: თამაში ქვიშის მოედანზე მიმდინარეობს, მონაწილეობს ორი გუნდი, თითოეულში 27 კაცია. ბურთით თამაში როგორც ფეხით, ასევე ხელით შეიძლება. გარდა ამისა, დაშვებულია მოწინააღმდეგე გუნდის წევრისთვის ხელით, ფეხითა და თავით დარტყმა. მთავარია, მეტოქეზე მეტი ბურთი გაიტანო. მატჩი 50 წუთს გრძელდება. თამაში იმ შემთხვევაშიც არ წყდება, თუ რომელიმე მონაწილე ტრავმას მიიღებს. დაშავებულ მოთამაშეს მედიკოსები დახმარებას მოედანზევე უწევენ, თამაში არც ამ დროს წყდება. შეცვლა არ არის დაშვებული. ამ თამაშმა შესაძლოა, ლელობურთიც მოგაგონოთ, რომელიც გურიის სოფელ შუხუთში ყოველწლიურად იმართება.
როგორც წესი, ფლორენციულ კალჩოს ოთხი გუნდი თამაშობს, რომლებიც ქალაქის ოთხ ისტორიულ უბანს წარმოადგენენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშები ზამთრის პერიოდშიც იმართებოდა, გაყინულ მდინარე არნოზე.
გთავაზობთ ფლორენციული ფეხბურთის ამსახველ ვიდეოს.