“გაბალას” თავკაცი: “საპასუხო შეხვედრაში გამარჯვების იმედი მაქვს”

დღეს უეფას ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. აზერბაიჯანის “გაბალა” “დინამო თბილისს” მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი თბილისური გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

“გაბალას” მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა განაცხადა, რომ მის გუნდს აქტიური ქომაგობა გარანტირებული ექნება და მოსაგებადაც იბრძოლებს.

“ყველანი ველოდებით ამ დაპირისპირებას, რომელიც ურთულესი იქნება. თბილისური მატჩი ჩვენთვის არასასურველი ანგარიშით დასრულდა, თუმცა საპასუხო შეხვედრაში გამარჯვებას ვიმედოვნებ. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ პირველი მატჩში დაშვებული შეცდომები და შევეცდებით, მეტოქეს ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. “გაბალას” სტადიონს გულშემატკივარი აზერბაიჯანის ჩემპიონატში არ აკლია, ხვალ კი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი ინტერესი იქნება და ხმაურიანი მხარდაჭერა გარანტირებული გვექნება”, – გრიგორჩუკის სიტყვებს “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი “გაბალასა” და “დინამოს” შორის დღეს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით ფრანგ მსაჯთა ბრიგადა განსჯის.