ოფიციალურად: კასილასი “პორტუში” ითამაშებს

მადრიდის “რეალი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ “პორტუსთან” იკერ კასილასის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია.

“ჩვენი კლუბი 113 წლისაა და აქედან 25 წლის მანძილზე კასილასი “რეალში” თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში იკერი კლუბის ერთ-ერთი სახე გახდა, მან დაიმსახურა პატივისცემა, აღტაცება და სიყვარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი საქციელი სამაგალითოა ყველასთვის, ვინც “რეალში” თამაშზე ოცნებობს. მადლობა, იკერ, ყველაფრისთვის, რაც ჩვენი კლუბისთვის გააკეთე. მადლობა იმისთვის, რომ კლუბის სიმბოლო გახდი. შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულებში”, – ვკითხულობთ “რეალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილასი მადრიდის “რეალის” სისტემაში რვა წლის ასაკიდან ირიცხებოდა. მან “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში სულ 725 მატჩი ჩაატარა.

კასილასმა “რეალთან” ერთად ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ ქვეყნის თასი, ოთხჯერ სუპერთასი. ესპანელი მეკარე სამჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ მოიგო უეფას სუპერთასი. გარდა ამისა, თითო-თითოჯერ გახდა კლუბთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი.