ლანჩხუთის “გურიამ” ლიცენზირების გავლაზე უარის თქმის გამო დაკისრებული ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით გადაიხადა, რის შემდეგაც გუნდს უმაღლესი ლიგიდან დაქვეითების საფრთხე აღარ ემუქრება.
ამის შესახებ კლუბის “ფეისბუქის” გვერდს ინფორმაცია ლანჩხუთის გამგებელმა და ამავდროულად “გურიას” პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ დაუდასტურა, რომელმაც ერთი კვირის წინ, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა კლუბს 50 ათასი ლარის გადახდის ვადად 14 ივლისის 18.00 საათი დაუთქვა, გულშემატკივრებს იმედი მისცა, რომ გუნდის უმაღლეს ლიგაში ყოფნას საფრთხე არ დაემუქრებოდა.
“გურია” 14 ივლისიდან საწვრთნელ პროცესს გრიგოლეთის ბაზაზე განაგრძობს. მანამდე ახალი მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი გუნდს თბილისში ამზადებდა.