ოფიციალურად: ბენტეკე “ლივერპულის” ფეხბურთელია

“ასტონ ვილას” თავდამსხმელი კრისტიან ბენტეკე კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

გარიგების დეტალები არ ხმაურდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდულმა გუნდმა 24 წლის ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 32,5 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო. ცნობილია, რომ მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ბენტეკე “ასტონ ვილაში” 2012 წელს “გენკიდან” გადავიდა. ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში მან 29 მატჩი ჩაატარა (აქედან 26 ძირითად შემადგენლობაში), 13 გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი მიიღო. ბენტეკემ “ასტონ ვილას” რიგებში სულ 101 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.

კრისტიან ბენტეკეს ბელგიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 24 შეხვედრაში შვიდი გოლი აქვს გატანილი.