არიგო საკი: „პოგბამ „პსჟ“-ში გადასვლით შეიძლება კარიერა დაინგრიოს“

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი არიგო საკი ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ  პოლ პოგბას „პარი სენ-ჟერმენში“ შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. საკი მიიჩნევს, რომ თუ ფრანგ ფეხბურთელს ტურინში ყველაფერი აწყობს, მაშინ სხვა გუნდში არ უნდა გადავიდეს.

„ისეთი ფეხბურთელი, როგორიც პოგბაა, იმ ეფექტური სისტემის შედეგია, რომელიც 70-იან წლებში საფრანგეთსა და ბრაზილიაში მიიღეს. ჩვენთან, სამწუხაროდ, ეს სისტემა არ დანერგილა. ბრაზილიელები და ფრანგები მაშინ ბევრ ფულს დებდნენ სასწავლო ცენტრებში, მწვრთნელებისთვის აწყობდნენ სპეციალურ კურსებს. როგორც აღმოჩნდა, ეს გამართლებული იდეა იყო.

ახლა საფრანგეთში უამრავი კარგი ფეხბურთელია. პოლს ბევრი დადებითი თვისება აქვს. გარდა ამისა, ის საკმაოდ იღბლიანიც აღმოჩნდა, რადგან ანტონიო კონტე წვრთნის და იზრდება ისეთ გუნდში, როგორიც „იუვენტუსია“. ეს კლუბი გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა განავითაროს ფეხბურთელმა თავისი თვისებები.

„პსჟ“-ში ძვირადღირებული ტრანსფერი? ბევრ მილიონს მოგცემენ, თუ ცოტას, ფეხბურთელი მაინც ვერ გახდები ვერც მსოფლიოს უმდიდრესი და ვერც მსოფლიოს უღარიბესი ადამიანი. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა იფიქრო საკუთარ თავზე და შენს კარიერაზე. თუ კლუბში კარგი მდგომარეობა გაქვს, მაშინ ვერაფერი შეგაჩერებს.

ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ დაინგრიეს კარიერა დიდებულმა მოთამაშეებმა უფრო მაღალი ხელფასის მიღების სურვილის გამო. მახსოვს ანდრეი შევჩენკოსა და კაკას უარყოფითი გამოცდილება და მათი „მილანში“ დაბრუნება. შეგვიძლია ზლატან იბრაჰიმოვიჩის „ბარსელონაში“ გადასვლაც გავიხსენოთ“, – საკის სიტყვები იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პარი სენ-ჟერმენი“ 20 წლის პოგბას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდის.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში პოგბამ 18-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე პასი.

ბექა დოგრაშვილი