2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე უელსის ნაკრები პორტუგალიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. დღევანდელი მატჩისა და ტურნირზე ასპარეზობის შესახებ ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა ისაუბრა.
“ფეხბურთელებით, პერსონალითა და მთელი ერით ვამაყობ. ქომაგებმა ყოველ ჯერზე გულმხურვალედ დაგვიჭირეს მხარი.
სამწუხაროა, რომ ნახევარფინალურ ეტაპზე დავმარცხდით. ფეხბურთელები დამწუხრებულნი არიან, თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით. როდესაც ისინი ამ ტურნირზე გამოსვლას გაიხსენებენ, უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყანას ჩვენი ასპარეზობით სიამაყე მოვგვარეთ.
ხანდახან მიღწეული საკმარისია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასურველ შედეგამდე ვერ მიდიხარ.
მომდევნო ჩემპიონატს ბევრად უფრო მოწყურებულები შევხვდებით. კარიერის მანძილზე სადაც მიმუშავია, ყველაზე მეტად სწორედ ამ გუნდით ვამაყობ. წარმომიდგენია, რაოდენ თბილ დახვედრას მოუწყობენ ქომაგები გუნდს კარდიფში, ფეხბურთელებმა ეს დაიმსახურეს.
არასდროს გამომიცდია ასეთ ტურნირზე ყოფნა, ეს ატმოსფერო, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთად. ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩები ეტაპი უნდა დავიწყოთ.
აარონ რემსი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ვფიქრობ, ცოტათი გადაღლილები ვიყავით. ჩემს ფეხბურთელებზე აუგს ვერ ვიტყვი. მათ მოედანზე ყველაფერი გაიღეს. ვფიქრობ, გუნდმა ფანტასტიურად ითამაშა.
პორტუგალიის ნაკრები მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ არ არის. მათ სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც ჰყავთ და აქვთ ხასიათი. გარდა ამისა, გუნდი უნდა იყო და დავინახე, რომ პორტუგალიის ნაკრები არის გუნდი.
პორტუგალიის ნაკრებს უნდა მივულოცო. ყველანაირად ვეცადეთ ამ შანსის გამოყენებას, თუმცა ვერ შევძელით და ეს პორტუგალიის ნაკრების დამსახურებაა. გერმანიაც და საფრანგეთიც ძლიერი ნაკრებებია, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელები ყოველთვის ვერ იგებენ, ამისთვის გუნდი უნდა იყო. ასე რომ, პორტუგალიის ნაკრებს კარგი შანსი აქვს”, – ციტირებს კოულმენის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.