2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები უელსთან, ავსტრიასთან, სერბეთთან, ირლანდიასთან და მოლდოვასთან ერთად მოხვდა.
წილისყრის შედეგები უელსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა შეაჯამა.
“კარგი ჯგუფია. ვუყურებთ სხვა ჯგუფებსაც და ვხვდებით, რომ შეიძლება მოვხვედრილიყავით როგორც გაცილებით იოლ, ასევე რთულ ჯგუფში.
კარგი მატჩების მოლოდინში ვართ, მთელი ერი მოუთმენლად ელის ამ შეხვედრებს.
საქართველოსა და მოლდოვაში თამაში ყოველთვის რთულია. რა თქმა უნდა, ვიცით, რას წარმოადგენს ირლანდიის ნაკრებიც. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სერბეთთან ერთად ვიყავით და ორივე შეხვედრაში სასტიკად დავმარცხდით. ასე რომ, ჩვენს ჯგუფში კარგი გუნდები მოხვდნენ.
ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ჩვენი ნაკრები მნიშვნელოვნად განვითარდა და ახლა ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია ბრძოლა. მე არ ვამბობ, რომ იოლი მატჩები გველის, რადგან ჩვენთან ერთად კარგი გუნდები მოხვდნენ”, – კოულმენის სიტყვები “ბიბისი”-მ გამოაქვეყნა.
2018 წლის მუნდიალის ევროპული ზონის შესარჩევი ეტაპის შეხვედრები 2016 წლის 4 სექტემბრიდან 2017 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართება. ქვეჯგუფის კალენდარი დღეს, კვირას დადგინდება.