ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა!

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015” საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ცერემონიალის შესავალი ნაწილი მუსიკალური ბენდებისა და დრამერების შესრულებით, მხატვრული კი არგონავტების მითით გაიხსნა. საზეიმო ცერემონიაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ექსპოზიციები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ „სუხიშვილები“, ირმა ნიორაძე და სხვა ცნობილი ვარსკვლავები. საქართველოს ჰიმნი ცნობილმა ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. ამის შემდეგ ფესტივალში მონაწილე სპორტმენების აღლუმი მოეწყო, რომელიც ტრადიციულად საბერძნეთის დელეგაციამ გახსნა. ათლეტთა აღლუმი კი მასპინძელი ქვეყნის, საქართველოს დელეგაციამ დაასრულა.

აღლუმის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით თბილისი 2015-ის თავჯდომარემ
ალექსი ახვლედიანმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელმა
პატრიკ ჰიკიმ მიმართეს.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ ფერადი ფოიერვერკის შოუ გაიმართა, რომელიც
სიმბოლურად ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს აღნიშნავდა.

სტადიონზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დროშა მრავალგზის
ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა ნონა გაფრინდაშვილმა, ლევან თედიაშვილმა, ვახტანგ ბლაგიძემ, ვაჟა კაჭარავამ, რომან რურუამ და რაფაელ ჩიმიშკიანმა შემოიტანეს.

დროშის აღმართვის შემდეგ ათლეტების სახელით ფიცი ხელბურთელმა გიგა
ზარნაძემ, მწვრთნელების სახელით დავით კვერნაძემ, ხოლო მსაჯების სახელით კი
ყოფილმა ტანმოვარჯიშემ რუსუდან სიხარულიძემ დადეს.

ოლიმპიური ცეცხლი თავისუფლების მოედნიდან მიიტანეს მეჩირაღდნეებმა, რომელთა შორისაც იყვნენ ცნობილი სპორტსმენები, მთავრობისა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები, რის შემდეგაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უკვე მთავარი ოლიმპიური ჩირაღდანი უნდა ანთებულიყო, თუმცა როგორც მოგახსენეთ, ფიალაზე ცეცხლი არ აინთო.

27 ივლისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით შეჯიბრებები სპორტის ცხრა სახეობაში გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას 49 (კოსოვოს გარეშე) ქვეყნის სპორტსმენები მიიღებენ. შეჯიბრებებზე მაყურებელთათვის დასწრება თავისუფალია.