რევაზ ძოძუაშვილი: “დინამოსთან შედარებით ნახევრადპროფესიონალური, ან სულაც სამოყვარულო გუნდი ვართ”

ქუთაისში დასრულებული მორიგი კლასიკოს შემდეგ, რომელშიც დინამომ ადგილობრივი ტორპედო 2:1 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე რევაზ ძოძუაშვილი და სულიკო დავითაშვილი (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე) წარდგნენ.

სულიკო დავითაშვილი: ამ ორი გუნდის დაპირისპირება რამდენად მნიშვნელოვანია- ეს ყველას მოეხსენება. ტორპედო კარგი გუნდია ძლიერი შემადგენლობით და გამოცდილი ფეხბურთელებით. მინდა ორივე გუნდის ფეხბურთელებს მადლობა ვუთხრა ლამაზი თამაშისთვის. ასეთი შეხვედრები უფრო მეტი, რომ ტარდებოდეს და ასეთი ხარისხის გულშემატკივრობა იყოს, ფეხბურთის დონე უფრო აიწევდა საქართველოში. შესვენებაზე გარკვეული გადაადგილებები მოვახდინეთ, რამაც საბოლოოდ ჩვენთვის მისაღები შედეგი გამოიღო. ჩემს ფეხბურთელებს და დინამოს ერთგულ გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა. ტორპედოს წარმატებებს ვუსურვებ.

რევაზ ძოძუაშვილი: ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, ისეთი- ძველ ტრადიციებს, რომ შეეფერება. იყო თავდადება, ხოლო შეხვედრა ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც გამართული გამოდგა. ჩვენს გუნდს ძალიან მწირი მატერიალური შესაძლებლობები აქვს. რა პროფესიონალიზმიც არ უნდა ჩაიდოს გუნდში, არავინ იცის რა იქნება ერთი თვის შემდეგ. შედეგზე გარკვეულწილად ამანაც იმოქმედა. დინამოს ყველა პირობა აქვს, ჩვენ კი მათთან შედარებით ნახევრადპროფესიონალური, ან სულაც სამოყვარულო გუნდი ვართ. დღევანდელი მატჩი ჩვენი მაქსიმუმი იყო.

რევაზ ძოძუაშვილი: „უკვე ყველაფერი კალაპოტში ჩადგა“

ქუთაისის „ტორპედოში“ შექმნილი ვითარება ბოლო დღეებია ძალზე აქტუალური არის. ახალი ჩემპიონატის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გუნდში გარკვეული სახის პრობლემები კვლავაც რჩებოდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, დაფინანსების საკითხი დღეისთვის უკვე მოგვარებულია და მას ისევ კომპანია „ვისოლი“ ითავებს. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით, ვფიქრობთ, თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის მოსაზრება.

რევაზ ძოძუაშვილი: „საბედნიეროდ, „ტორპედოს“ ისევ კომპანია „ვისოლი“ დაასპონსორებს და უკვე დაფინანსების მხრივ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. ფინანსური კრიზისი წარსულს ჩაბარდა და ახალი ჩემპიონატის სტარტს მშვიდად ვხვდებით. შემიძლია გითრათ, რომ ჩვენ იმაზე უფრო უკეთესი პირობები გვექნება, რაც წინა სეზონში გაგვაჩნდა. ამასთან ერთად, შემადგენლობაც გავაძლიერეთ და შესაბამისად, მიზნებიც გაიზარდა. ბუნებრივია, უკეთესის სურვილი ყოველთვისაა, მაგრამ ფეხბურთელები ამჯერად უკმაყოფილონი არ არიან. ასე რომ, უმაღლესი ლიგის გუნდისთვის შესაფერისი დაფინანსება ნამდვილად გვექნება.

მინდა ჩვენს ქუთაისელ გულშემატკივრებს, იმ ბიჭებს, რომლებიც ბოლო პერიოდში გვერდში გვედგნენ, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ ორმაგად გვაქვს ვალი მოსახდელი მათსა და ქალაქის წინაშე.

ახალი იმედებით ველოდებით 16-გუნდიან ჩემპიონატს. ვფიქრობ, გენიალური ფორმატი იქნება. ვუსურვებ ქართული სპორტის ყველა მუშაკსა და გულშემატკივარს, რომ ეს ჩემპიონატი ყოფილიყოს ისეთი წარმატებული და მაღალი დონის თამაშებით დახუნძლული, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა“.

FCTorpedo.GE

რევაზ ძოძუაშვილი: „საკმაო ყურადღებას ვაქცევთ სამომავლო შევსებას“

დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ხვალ გასამართ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც მთლიანი აქცენტი ბურთის გამოყენებით მომზადებაზე გაკეთდა. შუა დღეს, ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი დედაქალაქში გაემგზავრება და სასტუმრო „ბატესტაში“ დაბინავდება.

მოახლოებული შეხვედრის წინ კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს.

რევაზ ძოძუაშვილი: „ძალიან გვინდა, რომ ჩემპიონატის ბოლო აკორდები ნორმალურად ჩავატაროთ, მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია ვიცით, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენილები ვართ, აქედან გამომდინარე, მწვრთნელები ვაპირებთ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა გამოცდას დარჩენილ თამაშებში. ჩვენ მივცემთ თავიანთი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას იმ ბიჭებს, რომლებზეც გარკვეული იმედები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ახალ სეზონში გამოგვადგებიან ძირითადი შემადგენლობისთვის. ამდენად, შეიძლება ითქვას, საკმაო ყურადღებას ვაქცევთ სამომავლო შევსებას, თუმცა, რასაკვირველია, ამასთან ერთად მიზნად გვაქვს ქვედა ექვსეულში პირველი ადგილის დაკავებაც და ვეცდებით, რომ ეს ორივე საქმე გავაერთიანოთ“.

FCTorpedo.GE

ძოძუაშვილი “ტორპედოში”?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის “ტორპედოს” მეორე წრიდან გამოცდილი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილი უთავკაცებს.

აღნიშნულ ინფორმაციას კლუბში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, თუმცა კულუარებში ამ ფაქტზე უკვე საკმაოდ აქტიურად საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის შემდეგ კომპანია “ვისოლმა” ქუთაისის “ტორპედო” დატოვა და კლუბი სპონსორის გარეშე დარჩა.
კლუბი ასევე “ლოკომოტივიდან” განათხოვრებულ მოთამაშეებს და ესპანელ მთავარ მწვრთნელ, ჟერარდ სარაგაოს მულეტს დაემშვიდობა.