ხორვატია თავკაცის გარეშე დარჩა

ევრობასკეთის 1/8 ფინალში ჩეხეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ველიმირ პერასოვიჩმა თავისი პოსტი დატოვა.

გარდა ამისა, პერასოვიჩმა ფიბას საბერძნეთის ნაკრებისადმი განსაკუთრებულ სიმპატიაში დასდო ბრალი. საქმე იმაშია, რომ ბერძნებს ზაგრებიდან ლილში ჩასვლის უფლება საკუთარი ჩარტერული რეისით მიეცათ, მაშინ, როდესაც ხორვატია, საქართველო და სლოვენია ფიბას ჩარტერული რეისით მხოლოდ შაბათს ღამით გაფრინდნენ. აქედან გამომდინარე, С ჯგუფის სხვა გუნდებთან შედარებით, საბერძნეთს დასვენების მეტი საშუალება მიეცა.

შეგახსენებთ, რომ პერასოვიჩი ხორვატიის ნაკრებს სათავეში მარტში ჩაუდგა, მისი კონტრაქტი კი ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე მოქმედებდა.