არველაძე და დელეგატების ნაწილი ოთახში ნამდვილად ჩაიკეტნენ

სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ჟურნალისტებთან საუბრისას სფფ-ს პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა განაცხადა, რომ მისმა კონკურენტმა რევაზ არველაძემ დელეგატების ნაწილი ოთახში ჩაკეტა. კობიაშვილმა ჟურნალისტებს ამ ფაქტზე ყურადღების გადატანისკენ მოუწოდა.

როგორც ჩვენი კორესპონდენტი გვაცნობებს, არველაძე იმ დელეგატებთან ერთად, რომლებმაც რეგისტრაცია ჯერ არ გაიარეს, ოთახში ნამდვილად ჩაიკეტა და ჯერჯერობით გასვლას არ აპირებს. ცნობისთვის, რეგისტრაცია ამჟამად თვრამეტმა კანდიდატმა გაიარა.

არველაძის პროტესტის მიზეზი მისი მხარდამჭერის ასევე ერთ-ერთი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დაკავებაა. არველაძე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იქამდე არ აპირებს, სანამ გობეჯიშვილს არ გაათავისუფლებენ და მას არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მიეცემა.