ახალგაზრდა გოლკიპერი “ზესტაფონის” რიგებში

ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 22 წლის ახალწვეულის სახელია დავით კუპატაძე. ახალგაზრდა გოლკიპერი, რომელიც ბოლო პერიოდში ქუთაისის “ტორპედოში” ასპარეზობდა, “ზესტაფონის” ღირსებას შემდეგი ორი წლის მანძილზე დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ახალწვეულების შესახებ: დავით კუპატაძე – გოლკიპერი; დაბადებული – 06.06.1991; სიმაღლე – 188 სმ, წონა – 80 კგ.

გთავაზობთ დავით კუპატაძის მცირე კომენტარს, რომელიც მან კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, ინტერნეტ-საიტ www.fci.ge-სთან საუბარში გააკეთა: “ტორპედოში” სამი წელი გავატარე და, რა თქმა უნდა, შევეჩვიე ამ კლუბს და ქუთაისელ გულშემატკივარს. კი გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ასე იყო საჭირო …

რაც შეეხება ჩემს ახალ გუნდ “ზესტაფონს”, კონტრაქტს ხელი დღეს მოვაწერე და 8-ში სამედიცინო შემოწმებას გავივლი. სავარაუდოდ, ამ დღეებშივე შევუერთდები გუნდს და ვარჯიშსაც დავიწყებ…

რატომ მაინც და მაინც “ზესტაფონი”? დიდი სურვილი მქონდა, რომ სწორედ ამ კლუბში მეთამაშა. მინდა მადლობა გადავუხადო ამ გუნდის მწვრთნელებს იმის გამო, რომ ჩემზე შეაჩერეს არჩევანი. დიდი ხანი არ მიფიქრია მათ შემოთავაზებაზე, მაშინვე დავთანხმდი…

ჯერ-ჯერობით იმედებზე საუბარი ადრეა, მაგრამ “ზესტაფონს” შესანიშნავი მოთამაშეები ჰყავს და მათ შესწევთ იმის ძალა, რომ საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლონ”…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური