ხვალ, „ბაიას„ ბაზაზე „ზუგდიდსა“ და „სიონს“ შორის უმაღლესი ლიგის გადატანილი მატჩის ჩატარება იგეგმება. დღეს „ფეისბუქზე“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსური პრობლემების გამო დღეს გუნდს არ უვარჯიშია. როგორც ზუგდიდური კლუბი ოფიციალური ვებსაიტი წერს, აღნინული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნულ ინფორმაციას „ზუგდიდის|“ თავკაცი ბესიკ შეროზიაც გამოეხმაურა.
„მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მდგომარეობა არასახარბიელო გვაქვს, ფეხბურთელები მაქსიმალურად ემზადებიან ხვალინდელი შეხვედრისათვის და ეს ერთ-ერთი პრინციპული თამაში იქნება. რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფეხბურთელებს მერიის, მხრიდან „საბოტაჟი“ მოუწყვეს და ისინი უფინანსობის გამო პროტესტის ნიშნად თითქოს სავარჯიშოდ არ გასულან, ყოველგვარ სინამდვილეს მოკლებულია. იმ პერიოდში, როცა თითოეულ ქულას გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვფიქრობ, რომ თითოეულ ადამიანს, გულშემატკივარს მართებს გუნდთან ერთად დადგეს. რაც შეეხება ფინანსებს – კლუბის მხრიდან არსებულმა ტექნიკურმა მხარემ, რამაც ორდღიანი გაუგებრობა გამოიწვია – ამოწურულია. მერიის მისამართით გაკეთებული განცხადებები კი საფუძველს მოკლებული, რადგან მერიის მხრიდან თანხის გადარიცხვის დაგვიანება, თავად კლუბში შექმნილმა ტექნიკურმა ხარვეზმა განაპირობა. ვაცხადებ, რომ არსებული პრობლემა მოგვარებულია და ხელფას-პრემია ფეხბურთელებზე გაცემულია. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, პირდაპირ ვიტყვი და მადლობას ვეუბნები ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და მის ხელმძღვანელს, ირაკლი გოგოხიას, რომელიც ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარია ჩვენი გუნდის. ხვალინდელი შეხვედრისთვის კი ჩვენ ოპტიმალურად ვემზადებით“, – ციტირებს შეროზიას კლუბის ოფიციალური ვებსაიტი.