ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა გრეგ დაიკმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევა ფიფას დიდი სირცხვილი იყო. არჩევნები ზუსტად ხუთი წლის წინათ, 2010 წლის 2 დეკემბერს ჩატარდა. დღესდღეობით შვეიცარიის პროკურატურა იძიებს, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობდა 2018 და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევნების პროცესი, რომელიც ერთ დღეს ჩატარდა.
“მე ვფიქრობ, რომ ეს ფიფას ისტორიაში ყველაზე ცუდი მომენტი იყო და ამ განცდით უნდა ვიცხოვროთ მინიმუმ კიდევ შვიდი წელი. თუ შვეიცარიის პროკურატურა არჩევნების პროცესში დარღვევებს აღმოაჩენს, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუ შვეიცარიული მხარის და FBI-ს ერთობლივი გამოძიებით უკანონო ფინანსური ოპერაციები გამოვლინდება, ხალხი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის შეცვლას მოითხოვს.
თუ გავიხსენებთ წინა პერიოდს, შევნიშნავთ, რომ არანაირი მიზეზი არ არსებობდა იმისთვის, რომ 2022 წლის მუნდიალის ჩატარების უფლება ყატარისთვის მიეცათ. აქედან გამომდინარე, არსებობს ეჭვი, რომ იმ პერიოდში ყველაფერი სუფთად არ ჩატარებულა. ყველამ ვიცით, რომ ფიფას ინსპექცია ზაფხულში გაუსაძლისი სიცხის გამო მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარების კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ახლა იძულებულნი არიან, რომ ტურნირი ზამთარში გდაიტანონ. გარდა ამისა, მაშინდელი აღმასრულებელი კომიტეტის ბევრ წევრს ან შეუჩერდა საქმიანობა ან მათზე გამოძიება მიმდინარეობს”, – ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელის კომენტარი “დეილი მირორმა” გამოაქვეყნა.