მამუკა გორგოძის შეძენა “რასინგ 92”-ს სურს

ფრანგული RMC SPORT-ის ცნობით, დიდი შანსია, მომდევნო სეზონიდან მამუკა გორგოძე Top 14-ის მიმდინარე გათამაშების ლიდერ “რასინგ 92”-ში ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ გორგოძე პარიზულ კლუბში გადავა, მაშინ ის სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც ცნობილია, “რასინგ 92”-ის პრეზიდენტს ვარსკვლავური გუნდის ჩამოყალიბება სურს, რომლის ერთ-ერთი წევრიც სწორედ საქართველოს ნაკრების კაპიტანი იქნება. სათამაშო დროის ნაკლებობის გამო, გორგოძეს “ტულონის” დატოვება გასული სეზონის შემდეგაც სურდა.

შეგახსენებთ, რომ “რასინგ 92”-ში თამაშობს 33 წლის ქართველი დავით ხინჩაგიშვილი და ასევე, დენ კარტერი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეა.