მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი დენის ჩერიშევი რამდენიმე დღის წინათ მომხდარი შემთხვევის გამო დადარდიანებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) “სამეფო კლუბმა” რუსი ნახევარმცველი ათამაშა, რომელსაც გასული წლის გათამაშებიდან დისკვალიფიკაცია ჰქონდა გადმოყოლილი. ჩერიშევმა სამი ყვითელი ბარათი 2014-15 წლების სეზონში მიიღო, როდესაც იჯარის წესით “ვილიარეალის” ღირსებას იცავდა. ამის გამო “კადისმა” დაიჩივლა, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კი სარჩელი დააკმაყოფილა და “რეალი” ტურნირიდან მოკვეთა.
ჩერიშევმა სოციალურ ქსელში ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილი ფრაზა გამოაქვეყნა.
“რაც არ მკლავს, მაძლიერებს”, – დაწერა “რეალის” რუსმა ფეხბურთელმა.