ნოლიტო: “გვარდიოლა აღარ მენდობა, მაგრამ “მანჩესტერ სიტი” ჩემს სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს”

“მანჩესტერ სიტის” ესპანელი შემტევი, ნოლიტო აღიარებს, რომ მანჩესტერული კლუბის დატოვებაზე ფიქრობს, რომელსაც გასულ ზაფხულს შეუერთდა.

“ბოლო დროს ძალიან ცოტას ვთამაშობ. ჩემი ერთადერთი სურვილი მოედანზე გამოსვლა და თამაშია, მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემი შანსების გამოყენებას.

ახლა კი კლუბის დატოვება და უკან, ესპანეთში დაბრუნება მინდა. მინდა ვითამაშო, მე სწორედ ეს მაბედნიერებს.

გვარდიოლა აღარ მენდობა, მაგრამ კლუბი ჩემს სანაცვლოდ დიდ თანხას ითხოვს. დიდი სიამოვნებით გადავიდოდი “სევილიაში”, “სელტაში”, ან სხვა რომელიმე კლუბში,” – აცხადებს ნოლიტო.

ნოლიტოსათვის “სელტას” კარი კვლავ ღიაა

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელს, ნოლიტოს დიდი სიამოვნებით მიიღებენ უკან, ვიგოს “სელტაში”, თუ ის ხელფასის შემცირებაზე თანხმობას განაცხადებს.

როგორც იცით, ესპანელი ფეხბურთელი ზაფხულში განხორციელებული 13.8 მილიონიანი ტრანსფერის “მსხვერპლი გახდა”. 30 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში “სიტის” მაისური 28-ჯერ მოირგო და მხოლოდ 9-ჯერ დაიწყო პრემიერ ლიგის მატჩი სასტარტოდან.

“რა თქმა უნდა, ნოლიტოს დაბრუნება შეუძლია. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ მის ხელფასს ვერ გავწვდებით.

მას ფულის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. ის გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. ნოლიტოს დავუკავშირდით და მან ნათლად განგვიმარტა, რომ სეზონის ბოლომდე თავის მომავალზე ფიქრს არ აპირებს,” – აცხადებს ესპანური კლუბის პრეზიდენტი.

ნოლიტო: “წითელმა ბარათმა ბრავო ძალიან გააცხარა”

“მანჩესტერ სიტის” ამჟამინდელმა და “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ნოლიტომ გუშინდელ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ბრიტანული გუნდი “ბლაუგრანასთან” მატჩში განადგურდა (4-0).

“ვფიქრობ, ანგარიში ცოტათი გაზვიადებულად ასახავს მატჩის შინაარს. არც ისე ცუდად ვითამაშეთ. ბრავოს მოედნიდან გაძევების შემდეგ… მაგრამ ფეხბურთში ასეთი რაღაცეები ხდება და ჩვენც უნდა დავივიწყოთ ეს. ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა.

მატჩის პირველ ნახევარში მათ უბურთოდ დატოვებას ვცდილობდით, რაც გამოგვივიდა კიდეც. “ბარსას” მეკარემ ორი თუ სამი დიდებული სეივი განახორციელა. მაგრამ ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია. შემდეგ კი საუბედუროდ უპატიებელი შეცდომა დავუშვით. ეს უნდა დავივიწყოთ.

ალბათ ის ახლა ძალიან გაბრაზებულია მოედნიდან გაძევების გამო. თუმცა ვარჯიშზე მაქსიმალურად ვეცდებით, თავი უკეთ ვაგრძნობინოთ. გუნდმა პროგრესირება უნდა განაგრძოს.”

ნოლიტო: “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი”

“მანჩესტერ სიტის” ესპანელი ახალწვეული, ნოლიტო აღიარებს, რომ ზაფხულში ძალიან ახლოს იყო “ბარსელონაში” გადასვლასთან, სანამ პეპ გვარდიოლასთან გადაწყვეტდა მუშაობის დაწყებას.

“ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი. მაგრამ, საბოლოოდ მაინც “მანჩესტერ სიტი” ავირჩიე.” – განაცხადა მან Mundo Deportivo-სთან საუბრისას.

“ვფიქრობ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის. მანჩესტერში ყოფნით ბედნიერი ვარ.”

შეგახსენებთ, რომ ნოლიტო გვარდიოლასთან “ბარსელონაში” ყოფნისასაც თანამშრომლობდა. თუმცა, მაშინ სწორედ გვარდიოლამ გაუშვა ის გუნდიდან. ნოლიტოს თქმით, ეს “წყენა” უკვე წარსულს ჩაბარდა.

“ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, საწუწუნო არაფერი მაქვს.”

ვინ ჩაანაცვლებს აგუეროს მომდევნო სამ მატჩში: 4 ვარიანტი (ფოტოები)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ “მანჩესტერ სიტის” შემტევი, სერხიო აგუერო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ არგენტინელმა მოთამაშემ “ვესტ ჰემ იუნაიტედის” მცველს, უინსტონ რიდს ყბაში იდაყვი მოარტყა. საბოლოო ჯამში, 28 წლის სპორტსმენი პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბორნმუთის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს, ლიგის თასზე კი “ქალაქელებს” “სუონსი სიტისთან” ჩასატარებელ თამაშში ვერ დაეხმარება.

Goal.Com-ი გვთავაზობს იმ 4 სავარაუდო მონახაზს, რომლებითაც პეპ გვარდიოლა ნახსენებ სამ შეხვედრაში შეტევის ხაზს განალაგებს.

როცა აგუეროს იჰეანაჩო შეცვლის…

როცა აგუეროს ნოლიტო ჩაანაცვლებს…

როცა შემცვლელი დავიდ სილვაა…

მეოთხე შემთხვევაში ფორვარდის პოზიციაზე რაჰიმ სტერლინგია…

ოფიციალურად: ნოლიტო “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ ვიგოს “სელტას” 29 წლის ესპანელი ფორვარდის, ნოლიტოს ტრანსფერის განხორციელება მოახერხა. რისთვისაც ინგლისელებმა 13.8 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.

ნოლიტომ, რომლის ნამდვილი სახელიც მანუელ აგუდო დურანი გახლავთ, “ბარსელონას” ყოფილ თავკაცთან, პეპ გვარდიოლასთან გაერთიანების პროცესი ესპანეთის ევრო 2016-დან გამოვარდნის შემდეგ დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონაში” ყოფნისას სწორედ გვარდიოლამ მისცა მას დაწინაურების და სადებიუტო მატჩში მონაწილეობის მიღების შანსი. თუმცა მას უმეტეს შემთხვევაში “ბარსა ბ-ს” რიგებში უწევდა თამაში.

“ბარსელონადან” ის “ბენფიკაში” გადაბარგდა. 2013 წელს კი ესპანეთში, კერძოდ “სელტაში” დაბრუნდა, სადაც 103 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 39 გოლი გაიტანა.

ნოლიტო “მანჩესტერ სიტის” 9-ნომრიან მაისურს მოირგებს.