გრანიტ ჯაკას რასიზმში ადანაშაულებენ

ბრიტანული პრესა იუწყება, რომ ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველ გრანიტ ჯაკას რასიზმში ადანაშაულებენ. შვეიცარიელი ფეხბურთელი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს.

“დეილი მეილის” ცნობით, ჯაკამ ლონდონის ჰითროუს აეროპორტის თანამშრომელს რასობრივ ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში “ბარნლის” წინააღმდეგ გამართული მატჩის (2:1) მეორე დღეს მოხდა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ჯაკას წითელი ბარათი უჩვენეს.

შვეიცარიელ ფეხბურთელს აეროპორტში მეგობარი ახლდა, რომელიც თვითმფრინავში არ აუშვეს. მას განუმარტეს, რომ რეისზე ჩასხდომა უკვე დასრულებული იყო. წყაროს თანახმად, გაბრაზებულმა ჯაკამ აეროპორტის თანამშრომელს გერმანულ ენაზე შეურაცხყოფა მიაყენა.

გრანიტ ჯაკა დისკვალიფიცირებულია და “ჩელსისთან” ვერ ითამაშებს

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში “სტოკ სიტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:1) ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა გრანიტ ჯაკამ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. მისთვის ეს ამ სეზონში მეორე გაძევებაა.

პირველი გაძევების შემდეგ გრანიტ ჯაკას პირობითი სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელიც დღევანდელი გაგდების შემდეგ ავტომატურად შევიდა ძალაში. შესაბამისად, იგი საკუთარ გუნდს მომდევნო ოთხ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

24 წლის შვეიცარიელი ფეხბურთელი ინგლისის თასზე “საუთჰემპტონთან” (28 იანვარი) და პრემიერლიგაში “უოტფორდთან” (31 იანვარი), “ჩელსისთან” (4 თებერვალი) და “ჰალ სიტისთან” (11 თებერვალი) გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

“არსენალმა” გრანიტ ჯაკას ტრანსფერი დაადასტურა

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა კარიერას ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი გადაიხადა ინგლისურმა კლუბმა ჯაკას სანაცვლოდ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელში მინიმუმ 43 მილიონი ევროა გადახდილი.

გრანიტ ჯაკამ “არსენალში” სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალ თანაგუნდელებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

გერმანიის ბუნდესლიგის აწ უკვე დასრულებულ გათამაშებაში გრანიტ ჯაკამ 28 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

“ლივერპულმა” შვეიცარიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი გაამზადა

“ლივერპული” მიუნხენგლადბახის “ბორუსიასა” და შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველ გრანიტ ჯაკათი დაინტერესდა.

გერმანული გამოცემა “ბილდი” წერს, რომ მერსისაიდულმა გუნდმა შვეიცარიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაამზადა.

გრანიტ ჯაკამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო.