შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა კარგ მწვრთნელობასთან არ ასოცირდება. ამის მაგალითები ბევრი არსებობს, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი გამონაკლისიც გვაქვს. დღეს წარმოგიდგენთ 7 ადამიანს, რომლებმაც როგორც სათამაშო, ასევე სამწვრთნელო საქმიანობაში დიდ წარმატებას მიაღწიეს.
იოჰან კრიუფი
ლეგენდალურმა ჰოლანდიელმა სახელი ”აიაქსში” თამაშით გაითქვა. ამსტერდამელთა შემადგენლობაში კრიუფი 1964-1973 წლებში ასპარეზობდა და ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 240 შეხვედრაში 190 გოლის ავტორი გახდა. სამშობლოში ასპარეზობის პერიოდში მან არაერთი ტიტული მოიგო. იგი ამის შემდეგ ”ბარსელონაში” გადაბარგდა, სადაც 5 წელი ითამაშა. მფრინავი ჰოლანდიელი სამჯერ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სამწვრთნელო საქმიაობაში დიდ წარმატებას მან სწორედ კატალონიელთა მესაჭის როლში მიაღწია. ”ბარსელონაში” კრიუფმა ახალი საფეხბურთო ფილოსოფია ჩამოაყალიბა, თანამედროვე ფეხბურთში კი მის მიმდევრად პეპ გვარდიოლა სახელდება. კრიუფი დღესაც მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელადაა მიჩნეული.
კენი დალგლიში
”მეფე კენი”, როგორც მას ”ლივერპულის” გულშემატკივრები ეძახიან, მერსისაიდელთა შემადგენლობაში 1977-1990 წლებში ასპარეზობდა. იქამდე კი შოტლანდიელი ფორვარდი გლაზგოს ”სელტიკის” ღირსებას იცავდა. დალგლიში ”ლივერპულის” ლიდერი იყო და ამ გუნდის მაისურით ყველა ტიტულის მფლობელი გახდა. სამწვრთნელო კარიერა მან სწორედ ”ენფილდზე” დაიწყო. 1985-91 წლებში შოტლანდიელმა მერსისაიდელებს 11 ტიტული მოაპოვებინა. იგი ”ლივერპულს” მწვრთნელის რანგში 2011-12 წლების სეზონში დაუბრუნდა, თუმცა ნაკლები წარმატებით და თანამდეობაც მალევე დატოვა. სხვა და სხვა დროს ასევე ”მეფე კენი” ”ბლექბერნს” და ”ნიუკასლს” ედგა სათავეში.
ანტონიო კონტე
იტალიელმა საფეხბურთო კარიერა ”ლეჩეში” დაიწყო, თუმცა მისი წარმატება ”იუვენტუსში” გატარებულ პერიოდს უკავშირდება. კონტე ტურინელთა მაისურით 1991-2004 წლებში ასპარეზობდა, ამ დროის განმავლობაში ჩატარებულ 296 მატჩში 29 გოლის ავტორი გახდა. ყოფილ ნახევარმცველს აქტიური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სერია ა ხუთჯერ აქვს მოგებული. მისი ყველაზე დიდი წარმატება კი 1995-96 წლების სეზონს უკავშირდება, როდესაც კონტემ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა. იტალიელმა სამწვრთნელო საქმიანობა 2006 წელს ”არეცოში” დაიწყო. 2011 წელს კი მან ”იუვენტუსი” ჩაიბარა. ”ბებერმა ქალბატონმა” მისი მესაჭეობით სამჯერ სერია ა, ერთხელ იტალიის თასი და ორჯერ იტალიის სუპერ თასი მოიგო. ამჟამად კონტე იტალიის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელია, რომელსაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაწვრთნის
დიეგო სიმეონე
“არგენტინელ ჯარისკაცს”, როგორც მას ეძახდნენ, შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. ”ჩოლოს” კარიერაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელი ეპიზოდი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როდესაც მან მსაჯს დევიდ ბექჰემი გააძევებინა. ამის გამო სიმეონეს ”ცუდი ბიჭი” შეარქვეს. არგენტინელ ნახევარმცველს ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ. ამჟამად სიმეონე მადრიდის ”ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელია, რომელთან ერთადაც ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.
ლორან ბლანი
ყოფილმა ფრანგმა მცველმა საფეხბურთო კარიერაში განსაკუთრებულ წარმატებას სანაკრებო დონეზე მიაღწია. 1998 წელს მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 2000 წელს კი ბლანმა ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალიც ირგუნა. საკლუბო კარიერაში გამოსარჩევი მისი ”ბარსელონაში”, ”ინტერსა” და ”მანჩესტერში” გატარებული პერიოდია. ფრანგმა სამწვრთნელო კარიერაში სახელი ”ბორდოში” გაითქვა, როდესაც ჟირონდელებთან ერთად 2008-09 წლების სეზონში ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა. ბლანმა საფრანგეთის ნაკრები 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზეც ათამაშა. ამჯამად იგი ”პარი სენ-ჟერმენის” დამრიგებელია.
კარლო ანჩელოტი
ყოფილმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა ”პარმაში” დაიწყო, პირველი ტიტული კი ”რომაში” ასპარეზობის პერიოდში მოიპოვა. ამის შემდეგ იყო ”მილანი” სადაც 56 წლის დამრიგებელი 8 ტიტულის მფლობელი გახდა. სამწვრთნელო საქმიანობაში მისი თავდაპირველი წარმატება სწორედ ”როსონერის” უკავშირდება. ”ლომბარდიელებს” მან ყველა საკლუბო ტიტული მოაპოვებინა. შემდეგ კი ”ჩელსი”, ”პსჟ” და მადრიდის ”რეალი” იყო. ანჩელოტი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოიგო. მან ასევე სამ სხვადასხვა ქვეყანაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. იგი მომავალი სეზონიდან სათავეში მიუნხენის ”ბაიერნს” ჩაუდგება და შეეცდება, თავის შესანიშნავ კარიერას კიდევ არაერთი ტიტული შემატოს.
პეპ გვარდიოლა
”ბარსელონას” ლეგენდამ სახელი სწორედ ამ გუნდში ასპარეზობით გაითქვა. ყოფილი მცველი ”კატალონიელთა” მაისურით არა ერთი ტიტულის მფლობელი გახდა. იგი ”ბლაუგრანას” ღირსებას 1990-2001 წლებში იცავდა და ამ დროის განმავლობაში 263 შეხვედრა ჩაატარა. გვარდიოლა ”ბარსელონას” სათავეში 2008 წელს ჩაუდგა. მან გუნდში ახალი სათამაშო ფილისოფია დაამკვიდრა, რითაც ”კამპ ნოუს” ბინადრები მსოფლიოს საუკეთესო კლუბად აქცია. გვარდიოლა ამჟამად მიუნხენის ”ბაიერნის” მთავარი მწვრთნელია, თუმცა უკვე ოფიციალურად გამოცხადებულია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი სათავეში მანჩესტერ ”სიტის” ჩაუდგება.