„მანჩესტერ სიტიმ“ ნასრი ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან მოხსნა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განაცხადიდან ნახევარმცველი სამირ ნასრი მოხსნა, რადგან მას გამოსაჯანმრთელებლად კიდევ ორი თვე სჭირდება. ფრანგის ადგილს განაცხადში თავდამსხმელი კელეჩი იენაჩო დაიკავებს.

„კელეჩი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ნასრის შევატყობინე, რომ მისი სიიდან ამოშლა მომიწია. კელეჩი გვჭირდება, რადგან ამჟამად უილფრიდ ბონიც ტრავმირებულია. რისკი და ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ კუნ აგუეროს ყოლა არ შეგვიძლია.

ფეხბურთელისთვის ასეთი ამბის შეტყობინება ყოველთვის რთულია. სამირმა იცის, რომ თამაშს კიდევ ორი თვე ვერ შეძლებს, კელეჩი კი ამჟამად ჩინებულ ფორმაშია. კლუბისთვის და მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აკადემიის ფეხბურთელები ძირითად გუნდში გადადიოდნენ“, – ციტირებს „ჩილელს“ „სიტის“ პრესსამსახური.

შეგახსეენებთ, რომ ტურნირის 1/8 ფინალში მანჩესტერელთა მეტოქე კიევის „დინამო“ იქნება.