„ვითამ“ „ა“ ლიგის მედლებისა და სიგელის მიღება იუარა

„კაქტუსი“ – „ვითას“ მატჩისშემდგომ დაჯილდოვების ცერემონიალზე „ვითამ“ მეორე ადგილზე გასული გუნდისთვის განკუთვნილი მედლებისა და სიგელის მიღება იუარა, რის შესახებაც „ა“ ლიგის ოფიციალური ვებსაიტი წერს.

შეგახსენებთ, მატჩი „კაქტუსის“ გამარჯვებით (83:63) დასრულდა, რითიც გუნდმა შემდეგ სეზონში სუპერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ვითას“ „ა“ ლიგის მიმდინარე სეზონში „კაქტუსთან“ პირველი წრის მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს, რადგან იქამდე კლუბმა მეტოქე გუნდის ამერიკელ ლეგიონერ კლარენს ჯექსონთან კონტრაქტი ფარულად გააფორმა.

„ვითამ“ „კაქტუსთან“ 20 ქულით წააგო და სუპერლიგაში ვერ გავიდა

„ა-ლიგის“ გადამწყვეტი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს „კაქტუსი“ და ვითიბი გაერთიანებული საკალათბურთო ლიგის მონაწილე „ვითა“ შეხვდნენ, „კაქტუსის“ 20-ქულიანი გამარჯვებით (83:63) დასრულდა. ამრიგად, შემდეგ სეზონში სუპერლიგაში თამაშის უფლება „კაქტუსმა“ მოიპოვა.

გადამწყვეტი შეხვედრის წინ არჩილ ჟღენტის გუნდი 26 ქულით სატუნირო ცხრილს ლიდერობდა და „ვითას“ 1 ქულით უსწრებდა.

პირველი მეოთხედი ანგარიშით 20:20 დასრულდა, დიდი შესვენების წინ „კაქტუსი“ 7 ქულით დაწინაურდა (40:33). დარჩენილ ორ მეოთხედში ანგარიშში სხვაობა 13 ქულით გაიზარდა.

გამარჯვებულთა მხრიდან 22 ქულით, 7 მოხსნითა და 4 პასით ჰენრი ფილმა ულიდერა. მასზე 1 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით ნაკლები დენიელ უილიამსმა დააგროვა. „ვითას“ რიგებიდან 21 ქულით, 7 მოხსნითა და 3 პასით ყველაზე შედეგიანი ანდე ჯონსი იყო.

„კაქტუსი“ – „ვითა“ 83:63 (20:20, 20:13, 20:14, 23:16)

მატჩის სრული სტატისტიკა

„ვითას“ ტექნიკური წაგება ჩაეთვლება და ქულები ჩამოაკლდება

ორი კვირის წინ ქართულ კალათბურთში სკანდალი დატრიალდა, რომლის მონაწილე „ა-ლიგაში“ მოასპარეზე ორი კლუბი „ვითა“ და კაქტუსი იყო.

30 იანვარს ამ ორ გუნდს შორის „ა-ლიგის“ მატჩი უნდა გამართულიყო. როგორც გაირკვა, შეხვედრამდე „ვითას“ წარმომადგენლები „კაქტუსის“ ამერიკელ ლეგიონერ კლარენს ჯექსონს დაუკავშირდნენ და ამ მატჩის გაცდენის სანაცვლოდ „ვითას“ შემადგენლობაში ვითიბი ლიგაში თამაშს დაპირდნენ. არადა, მოთამაშეს „კაქტუსთან“ კონტრაქტი აკავშირებდა და მსგავსი ქმედება დაუშვებელი იყო. მატჩის დღეს კალათბურთელი თითქოს გაუჩინარდა – როგორც „კაქტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა აღნიშნა, მთელი დღის განმავლობაში კლუბის წარმომადგენლებმა ჯექსონი ვერ იპოვეს. საბოლოოდ, გაირკვა, რომ საქმეში სწორედ „ვითა“ ჩართულა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით „კაქტუსმა“ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაში განცხადება შეიტანა. დღეს კი ეროვნული ფედერაციის გამგეობამ ორივე კლუბის ახსნა-განმარტება მოისმინა და გადაწყვიტა, რომ „კაქტუსსა“ და „ვითას“ შორის შეხვედრაში „ვითას“ ტექნიკური წაგება – 20:0 ჩაეთვალოს. გარდა ამისა, „ვითას“ ამ მატჩში წაგებისთვის განკუთვნილი 1 ქულა ჩამოერთვება, ისევე, როგორც დამატებით კიდევ ერთი მოპოვებული ქულა.

აქედან გამომდინარე, „ა-ლიგის“ სატურნირო ცხრილში ცვლილებაა – ამჟამად პირველ ადგილზე 9 ქულით „კაქტუსმა“ გადაინაცვლა, „ვითა“ კი 8 ქულით მეორე საფეხურზე ჩავიდა.