სტიუარდების საპილოტე პროგრამა აჭარაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აჭარის რეგიონში სტიუარდების ინსტიტუტის დანერგვის საპილოტე პროგრამას იწყებს. სფფ-ს უსაფრთხოების და სტიუარდების თემაზე მომუშავე ჯგუფი ბათუმში, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, რეგიონის უმაღლეს და პირველ ლიგაში მოასპარეზე კლუბების უსაფრთხოების ოფიცრებს და მატჩის ორგანიზატორებს, კლუბების ხელმძღვანელებს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და საპილოტე პროგრამა გააცნო. პროგრამის მიხედვით, მოხდება სტიუარდების ვაკანსიის გამოცხადება, მათი შერჩევა და მოსამზადებელი სემინარების ჩატარება შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ სემინარებს სფფ-ს უსაფრთხოების და სტიუარდების თემაზე მომუშავე ჯგუფი ჩაატარებს.

სტიუარდების ინსტიტუტის დანერგვის პროგრამის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები შეისწავლიან საფეხბურთო მატჩის უსაფრთხო ორგანიზების მეთოდებს, რისკ ფაქტორების შეფასებას და კოორდინაციას მატჩის ორგანიზატორებთან, თანამშრომლობის მეთოდებს სამათალდამცავ ორგანოებთან, გაეცნობიან მატჩების აკრედიტაციის სისტემის ნიუანსებს და სხვა საკითხებს. შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მარტში, უეფას მოთხოვნით სფფ-მ დაიწყო სტიუარდების შერჩევა-მომზადების პროცესი. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, საქართველოში დაიწყო სტიუარდების ინსტიტუტის დანერგვა, რომლის მიზანია საფეხბურთო მატჩების და სპორტული ღონისძიებების საორგანიზაციო ხარისხის ამაღლება მთელი საქართველოს მასშტაბით.

სფფ-ს პრესსამსახური