პოჩეტინომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დაასახელა

“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ გასამართი საპასუხო მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “ალიანც არენაზე” წყვილის პირველი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

“ყველაფერი შეიძლება მოხდეს. “ბაიერნი” ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა, ამასთან, საკუთარ ძალებშიც დარწმუნებულნი ვართ. კარგად გვესმის, რომ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ”, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

მატჩი “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბაიერნს” შორის 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

პოჩეტინო: “ტოტენჰემი” უფრო პოპულარულია, ვიდრე “არსენალი” და “ჩელსი”

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა და იქვე დასძინა, რომ ლონდონში ყველაზე პოპულარული სწორედ მისი კლუბია.

“აქ მაქსიმალურად დიდი ხნით დარჩენა მინდა, ვინაიდან “ტოტენჰემი” თავისი ისტორიით ლონდონის ყველაზე პოპულარული კლუბია. უფრო პოპულარულია, ვიდრე “არსენალი” და “ჩელსი”. მე აქ ბედნიერი ვარ. ვგრძნობ, რომ ამ ქვეყანაში მაფასებენ.

ისტორიულად “ტოტენჰემი” “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” დონის გუნდია. ჩვენ ხელახლა ვქმნით გამარჯვების კულტურას და არ ვგრძნობთ, რომ ვინმეზე ნაკლები ვართ, თუმც ჩვენზე ნიჭიერი გუნდებიც მოიძებნებიან.

როდესაც სამი წლის წინ გუნდში მოვედი, მიზანი ჩვენსა და პირველ ოთხეულს შორის სხვაობის შემცირება იყო. ჩვენ ამ გეგმას გადავაჭარბეთ”, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Cadena SER-ი.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “ტოტენჰემ ჰოთსპურს” მეორე პოზიცია უკავია და ლიდერ “ჩელსის” ოთხი ქულით ჩამორჩება.

პოჩეტინო: “გამეცინა, როდესაც წავიკითხე, რომ “ტოტენჰემი” პრემიერლიგის ფავორიტია”

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო “ლესტერ სიტის” თავკაცის, კლაუდიო რანიერის სიტყვებს გამოეხმაურა. რანიერიმ “ტოტენჰემი” პრემიერლიგის ფავორიტად დაასახელა.

“გამეცინა, როდესაც წავიკითხე, რომ “ტოტენჰემი” პრემიერლიგის ფავორიტია. ჩვენ სეზონის დაწყებისთანავე ვიცოდით, რა უნდა დაგვესახა მიზნად. ჩვენი მიზანია ლიდერ გუნდებთან სხვაობის შემცირება.

ვფიქრობ, რომ ბევრს ვსწავლობთ და ვვითარდებით. გასაგებია, რომ ახლა საკმაოდ კარგ სიტუაციაში ვართ, თუმცა წინ კიდევ 11 ტურია დარჩენილი”, – ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Goal.com-ი.