კონტეს “ჩელსიში” ბონავენტურას წაყვანა სურს

იტალიური “კალჩო მერკატოს” ცნობით, “მილანის” ნახევარმცველ ჯაკომო ბონავენტურათი ინგლისის პრემიერლიგის ერთბაშად სამი კლუბია დაინტერესებული. კერძოდ, იტალიელი ფეხბურთელით ინტერესს ლონდონის “ჩელსი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” იჩენენ.

მერსისაიდული გუნდი ბონავენტურათი რომ დაინტერესებულია, ეს არახალი ამბავია. რაც შეეხება “ჩელსის”, გუნდს მომდევნო სეზონიდან, სავარაუდოდ, ანტონიო კონტე უთავკაცებს. სწორედ ამან განაპირობა ლონდონელთა დაინტერესება 26 წლის იტალიელი ნახევარმცველის მიმართ. წყაროს თანახმად, კონტემ “ჩელსის” სკაუტები ბონავენტურას დასაკვირვებლად უკვე გააგზავნა.

სხვათა შორის, ჯაკომო ბონავენტურას 2012 წელს ნათქვამი აქვს, რომ მისი ოცნება “ჩელსიში” თამაშია.

ცნობისთვის, ჯაკომო ბონავენტურას “მილანთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისს ეწურება.