თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ხელბურთში საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება

საქართველოს ხელბურთელ ქალთა ნაკრებს 8-13 მარტს სერიოზული გამოცდა ელის. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იმართება საერთაშორისო ტურნირი: IHF/EHF ქალთა თასი ხელბურთში 19 წლამდელთა შორის. ითამაშებს 8 ნაკრები: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი.

საქართველოს 19-წლამდელ გოგონათა ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს კვიპროსის, ლატვიისა და ალბანეთის წინააღმდეგ, პირველ შეხვედრას გუნდი 8 მარტს 18:00 საათზე კვიპროსის 19-წლამდელ გოგონათა ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, ტურნირის გახსნითი მატჩი კი 14:00 საათზე ფარერის კუნძულებსა და ესტონეთს შორის გაიმართება.

ქალთა თასი 2016-ის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 7 მარტს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ევროპის ხელბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი ლეოპოლდ კალინი და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე შეხვდნენ.

IHF/EHF ქალთა თასს მსოფლიოსა და ევროპის ხელბურთის ფედერაციები ატარებენ ე.წ. განვითარებად ქვეყნებს შორის. თავდაპირველად ტურნირს მხოლოდ ხელბურთის ევროპული ფედერაცია, EHF აწყობდა და მას ჩელენჯ ტროფი ეწოდებოდა. სულ გაიმართა 5 შეჯიბრება, 2000-2008 წლებში და იქ ორჯერ ითამაშა საქართველოს ქალთა ნაკრებმა – 2006 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა, 2002 წელს – მეხუთე.

2010 წლიდან საქმეში ჩაერთო ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია, IHF. თავდაპირველად ტარდება რეგიონული ტურნირები 5 კონფედერაციაში: ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა და ოკეანია, ხოლო გამარჯვებულები თამაშობენ უკვე ინტერკონტინენტალურ, მსოფლიო თასზე. ამ ფორმატით, IHF/EHF ქალთა თასი რიგით მეოთხეა. თბილისში გაირკვევა 2016 წლის ევროპის საუკეთესო გუნდის ვინაობა და ის 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ თასზე, რომლის გამართვის ადგილი რეგიონული ჩემპიონების გამოვლენის შემდეგ გაირკვევა.

ხელბურთი. IHF/EHF ქალთა თასი, 19წ
8-13 მარტი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

A ჯგუფი: კვიპროსი, ლატვია, საქართველო, ალბანეთი

8 მარტი. 16:00 ლატვია-ალბანეთი, 18:00 კვიპროსი-საქართველო

9 მარტი. 14:00 ალბანეთი-კვიპროსი, 18:00 საქართველო-ლატვია

10 მარტი. 14:00 კვიპროსი-ლატვია, 18:00 საქართველო-ალბანეთი

B ჯგუფი:ფარერები, ბელგია, ესტონეთი, სომხეთი

8 მარტი. 14:00 ფარერები-ესტონეთი, 20:00 ბელგია-სომხეთი

9 მარტი. 16:00 სომხეთი-ფარერები, 20:00 ესტონეთი-ბელგია

10 მარტი. 16:00 ესტონეთი-სომხეთი, 20:00 ფარერები-ბელგია

11 მარტი – დასვენების დღე

12 მარტი. ნახევარფინალი

14:00 3A-4B, 16:00 3B-4A, 18:00 1A-2B, 20:00 1B-2A

13 მარტი. ფინალი

12:00 7-8 ადგილები 14:00 5-6 ადგილები, 16:00 ბრინჯაოს ფინალი, 18:00 მთავარი ფინალი

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური