ფილიპ კოკუ: “ატლეტიკოსთან” გამართული ორივე მატჩით ვამაყობ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “პეესვე ეინდჰოვენისა” და მადრიდის “ტლეტიკოს” წყვილში გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიის მეშვეობით გადაწყდა. თერთმეტმეტრიანების სერიაში ესპანელებმა 8:7 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

მატჩი “პეესვე”-ს მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ შეაჯამა.

“ვამაყობთ “ატლეტიკოსთან” გამართული ორივე მატჩით, განსაკუთრებით კი აქ ჩატარებული შეხვედრით. ტაქტიკურად ძალიან კარგად ვითამაშეთ, ბევრი ვიბრძოლეთ, თუმცა სამწუხაროა, რომ პენალტების სერიაში დავმარცხდით.

ლუკ დე იონგმა ორივე ფეხი დაიშავა და იძულებულნი გავხდით, რომ შეგვეცვალა. ანდრეს გუარდადოსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა.

მეტოქემ მეორე ტაიმში თამაში შეცვალა და ჩვენც მეტ სირთულეს წავაწყდით. ხუთი მცველით ვითამაშეთ. მარცხენა ფლანგზე გარკვეული სირთულეები გვქონდა, თუმცა მეტოქისთვის ბევრი შანსი არ მიგვიცია. შემდეგ მოწინააღმდეგემ კვლავ შეცვალა თამაში, რის მერეც თამაშზე კონტროლი ჩვენ დავაწესეთ.

რომ გაგვეტანა, მეტოქეს ორი ბურთი დასჭირდებოდა. მეტად უნდა გაგვმართლებოდა. მატჩის ბოლოს მომენტები ვერ შევქმენით და გოლის გატანის შანსი არ გვქონია”, – კოკუს კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.