ვაისი უმცროსი და სლოვაკეთის ნაკრების კიდევ ექვსი მოთამაშე დააჯარიმეს

სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების შვიდი ფეხბურთელი დააჯარიმა. ერთა ლიგაზე ჩეხეთის ნაკრებთან განცდილი მარცხის (1:2) შემდეგ მოთამაშეები ღამის კლუბს ეწვივნენ, რაც გახდა კიდეც მათი დასჯის მიზეზი.

დაჯარიმებულნი არიან მეკარეები მარტინ დუბრავკა და მიხალ შულა, მცველები მილან შკრინიარი, ლიუბომირ შატკა და ნორბერტ დიემბერი, ნახევარმცველები ვლადიმირ ვაისი და სტანისლავ ლობოტკა. დამნაშავე ფეხბურთელებმა მოიბოდიშეს, თუმცა შულამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს სრულად არ შეესაბამება.

დასახელებულ ფეხბურთელებს ეროვნულ ნაკრებში პრემიალური თანხა აღარ მიეცემათ.

ვლადიმირ ვაისი: “ავსტრიაში მოსაგებად ჩამოვედით”

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე მატჩს ავსტრიაში ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ვენაში მატჩისწინა დღეს ჩარტერული რეისით ჩაფრინდა. გუნდმა 25 მოთამაშის შემადგენლობით “ერნსტ ჰაპელის” სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშა. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

“არ ვიცი ხვალ რა შედეგი იქნება, მაგრამ ჩვენ, ისევე როგორც ავსტრიელები, შევეცდებით სამი ქულა ავიღოთ. ისინი სახლში თამაშობენ და რა თქმა უნდა, მოსაგებად ითამაშებენ. ვენაში ქალაქის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ და გვსურს, რომ ირლანდიასთან კარგი თამაშის შემდეგ ქულები ავიღოთ.

დიახ, დღეს ჩამოვედით, როგორც ყველა სხვა გუნდი. გუშინ აღდგენითი ვარჯიში გვქონდა, დღეს კი ტაქტიკური ვარჯიში გვექნება. თამაშებს შორის დიდი დრო არ არის. ამ მხრივ, ყველა გუნდი თანაბარ მდგომარეობაშია. შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება: ან იძულებითი, ან ტაქტიკიდან გამომდინარე.

ავსტრიასთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, ჩემი აზრით, გუნდი უკეთ თამაშობს. ჯერ ჯგუფში არ მოგვიგია, მაგრამ ამის გაკეთებას ხვალ შევეცდებით. ჩვენ უფრო შეთამაშებული და თავდაჯერებული ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ. თამაშში ერთზე მეტი ბურთის გატანა გვიჭირს და სწორედ ამიტომაა, რომ ოთხი ფრე გვაქვს. შევეცდებით, რომ ეს შეცვალოთ”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა ავსტრიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.

გულშემატკივართა უმრავლესობა საქართველოს ნაკრებში ვაისის დარჩენას ემხრობა

სერბეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების ნაწილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების წარუმატებელ ასპარეზობაზე პასუხისმგებლობის აღება მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს მოსთხოვა და მას პოსტის დატოვებაზეც ჩამოუგდეს სიტყვა. თავად სლოვაკმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სკამს კბილებით ჩაფრენილი არ არის და გადაწყვეტილებას ფედერაცია მიიღებს, რომელზეც ხშირად ჟურნალისტთა და გულშემატკივართა განწყობაც ახდენს ზეგავლენას. Fanebi.com-მა თავისი მკითხველისთვის დისკუსია გახსნა და მას შემდეგი კითხვით მიმართა – უნდა დატოვოს თუ არა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი?

ელექტრონულ გამოკითხვაში 311 პასუხი მივიღეთ. მათგან 89 პროცენტი თვლის, რომ ვაისმა საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე მუშაობა უნდა გააგრძელოს, 11 პროცენტი კი ეროვნულ ნაკრებში თავკაცის შეცვლას ემხრობა. (გამოკითხვის შედეგი)

დიდი რაოდენობის გამოხმაურება მივიღეთ სოციალურ ქსელში Fanebi.com-ის გვერდზეც და შედეგი აქაც ანალოგიურია. უმრავლესობა საქართველოს ნაკრების წარუმატებელ თამაშში მთავარ “დამნაშავედ” ვაისს არ მიიჩნევს. გულშემატკივართა დიდი ნაწილი უფრო ფეხბურთელებით არის იმედგაცრუებული და მათზე განაწყენებას გამოხატავს.

ჩვენ მიერ მოწყობილ გამოკითხვას, რა თქმა უნდა, სრულყოფილებასა და ყოვლისმომცველობაზე პრეტენზია ვერ ექნება, მაგრამ შესაძლებელია, მივიღოთ ზოგადი სურათი, თუ რა განწყობა სუფევს გულშემატკივართა შორის.

უნდა დატოვოს თუ არა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი?

სერბეთის ნაკრებთან გუშინ გამართული მატჩის (1:3) შემდეგ გახშირდა საუბრები იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დაკავებული პოსტი უნდა დატოვოს. ამ პოზიციას ჰყავს როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდგენი. ერთნი ფიქრობენ, რომ ნაკრების წარუმატებელ ასპარეზობაზე პასუხისმგებლობა სლოვაკმა სპეციალისტმა უნდა აიღოს, მეორენი კი თვლიან, რომ ვაისი მთავარი “დამნაშავე” არ არის. მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გამოკითხვაში და დააფიქსირეთ საკუთარი პოზიცია — უნდა დატოვოს თუ არა ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი?

ვლადიმირ ვაისი: “წაგებით არა, მაგრამ შეკრებით კმაყოფილი ვარ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დუბაიში დასრულებული შეკრება შეაჯამა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა: ქართველმა ფეხბურთელებმა უზბეკებთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს, იორდანელებთან კი 0:1 დამარცხდნენ.

“ჩვენ დუბაიში ჩამოვედით იმისთვის, რომ ფეხბურთელებს, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ, თავის წარმოჩენის საშუალება ჰქონოდათ, გახსნილიყვნენ და ეჩვენებინათ მათი თამაშის ხარისხი. ფრე ვითამაშეთ უზბეკეთთან, სამწუხაროდ, დღეს იორდანიის პირველ ნაკრებთან წავაგეთ. თამაში არც ისე მარტივი იყო, თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩვენ ორი კარგი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ, თუმცა, სამწუხაროდ, მათ გაიტანეს. მომენტალურად თამაშის შემდეგ დასკვნების გამოტანა რთულია.

ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ შეასრულეს მათი ვალდებულებები. რა თქმა უნდა, ხარისხი სხვა საკითხია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი მოედანზე უქმად იყო. პირიქით, ყველა ცდილობდა, კარგად ვარჯიშობდნენ და რაც ყველაზე მთავარია, გვაინტერესებდა, გაიხსნებოდა თუ არა რომელიმე ეროვნული ნაკრებისთვის. ამ შეკრებაზე 2-3 პოტენციურმა ახალმა მოთამაშემ წარმოაჩინა თავი, ამიტომ სერბეთთან შეხვედრისთვის შეკრებაზე ამ ფეხბურთელებიდან ორი აუცილებლად იქნება. ბუნებრივია, წაგებით კმაყოფილი მწვრთნელი არ არსებობს, მაგრამ კმაყოფილი ვარ შეკრებით, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ერთი კვირა ერთად გვემუშავა”, – განაცხადა ვაისმა.

ვლადიმირ ვაისი: “ჩვენი ლეგიონერების უმრავლესობა ნაკრებში კლუბებმა არ გამოუშვეს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადების ფარგლებში დღეს მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. ვლადიმირ ვაისმა უზბეკეთთან და იორდანიასთან შეხვედრების მნიშვნელობაზე და შემადგენლობაში გამოძახებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნულ ნაკრებს ლაშა პარუნაშვილი შეუერთდა. ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა. ანდრო ჟორდანიას სახელობის თბილისის „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე გამართულ ვარჯიშს მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვლადიმირ ვაისი: „ამჯერად, ძირითადად, მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების გამოძახება მოვახერხე, რადგან ჩვენი ლეგიონერების უმრავლესობა ნაკრებში კლუბებმა არ გამოუშვეს. – გასათვალისწინებელია, რომ ამ ფეხბურთელების უმრავლესობასთან პირველად ვმუშაობ. მე მათ ვიცნობ ეროვნული ჩემპიონატის გასული სეზონიდან, და მიმაჩნია, რომ ამჟამად ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეები არიან, რომლებიც საქართველოში ასპარეზობენ. რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ, მათგან მხოლოდ დავით ხოჭოლავას გამოძახება შევძელი. მნიშვნელოვანია, რომ მათ თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ. ეს მათთვის დიდი გამოწვევაა და ზოგიერთისთვის, ალბათ, პირველი გამოცდილება სანაკრებო დონეზე. ვნახავთ, შეძლებენ თუ არა ისინი ამ შანსის გამოყენებას. ამ მომენტისთვის კი, შეუძლებელია იმის თქმა, თუ რომელი მათგანი დაეხმარება ჩვენს ნაკრებს მომავალში…

თუკი მსოფლიო ფეხბურთს თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ უზბეკეთს ძლიერი გუნდი ჰყავს. მართალია, ისინი აზიის სექციაში ასპარეზობენ, თუმცა, თამაშობენ საკმაოდ მაღალ დონეზე და რამდენიმე მათი ფეხბურთელი რუსეთის წამყვან კლუბებში თამაშობს, ისევე როგორც ყატარსა და სხვა ქვეყნებში. მართალია, ეს ფეხბურთელები მათ საქართველოსთან თამაშში ვერ დაეხმარებიან, თუმცა, მათი ძირითადი შემადგენლობის დაახლოებით 70 პროცენტი მაინც ითამაშებს, ჩვენთან კი – მხოლოდ ახალწვეულები არიან. ჩვენ ამ მეტოქის არ გვეშინია და გვსურს, მას ღირსეულად დავუპირისპირდეთ. რაც შეეხება იორდანიას. ამ ნაკრების ბოლო რამდენიმე თამაშს ვუყურე. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ სწორედ უზბეკეთთან ჰქონდათ დაპირისპირება და მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ისინიც საკვალიფიკაციო ციკლის თამაშებისთვის ემზადებიან. შევეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ ამ თამაშშიც, თუმცა, მთავარი ჩვენთვის მაინც ის არის, რომ ფეხბურთელებმა თავი გამოიჩინონ და დამანახონ, რომ ისინი მომავალშიც შეძლებენ ნაკრებში ასპარეზობას. სამწუხაროდ, წლის განმავლობაში ამგვარი ამხანაგური თამაშების ჩატარების და ახალი მოთამაშეების გამოცდის შესაძლებლობა იშვიათად გვაქვს. ახლაც არ არის იდეალური პერიოდი, რამეთუ ბევრი ფეხბურთელი წელს პირველად იწყებს სერიოზულად ვარჯიშს. ვნახოთ, რა გამოგვივა მოედანზე…

შარშანდელი ლეგიონერების გარდა მე ასევე მსურდა თბილისის „დინამოს“ რამდენიმე ფეხბურთელის გამოძახება – მაგალითად, მათე ცინცაძის, პარუნაშვილის, ჯიღაურის. თუმცა, ეს მოთამაშეებიც ახლახანს ახალ კლუბებში გადავიდნენ და ამჟამად ნაკრებს ვერ დაეხმარებიან. ძალიან მინდოდა იმ ფეხბურთელების გამოცდა, რომლებმაც გასული წლის ოფიციალურ თამაშებში ბევრი დრო ვერ გაატარეს მოედანზე. ასეთები არიან დვალი, კაკაბაძე, კაჭარავა და სხირტლაძე. არ მესმის, რატომ არ გამოუშვეს ისინი მათმა კლუბებმა. მე თვითონ ვმუშაობდი საკლუბო დონეზე, და ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი მოთამაშეები ნაკრების თამაშებზე გამეშვა – ეს მათთვის დიდი პატივია და მათ საკუთარი თავის გამოჩენის უფრო დიდი შანსი ეძლევათ, ვიდრე რეგულარულ მატჩში თავიანთ კლუბებთან ერთად,”- განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის თბილისში 20 იანვრის ჩათვლით მოემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით გუნდი დუბაიში 21 იანვარს გაემგზავრება.

THE BEST — რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან

როგორც მოგეხსენებათ, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელების, კაპიტნებისა და სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგების დაჯამებით ვლინდება. ცნობილი გახდა, თუ რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ხმები საქართველოდან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. გარეტ ბეილი („რეალი“, უელსი).

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია).

საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 3. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).

ვაისი: “ძალიან სამწუხაროა, რომ ამისულაშვილი საქართველოს ნაკრებს ტოვებს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ალექსანდრე ამისულაშვილმა 34 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა. ფაქტს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი გამოეხმაურა.

“ამისულაშვილი ძალიან კარგი ფეხბურთელი და ასევე ძალიან კარგი ადამიანია. მან ეს დაამტკიცა თავისი მრავალწლიანი კარიერის მანძილზე როგორც ნაკრებში, ისე კლუბში თამაშისას. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ის ტოვებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ შემატყობინა და ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია მისი გადაწყვეტილება. ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ამ ნახევარი წლის მანძილზე გვერდში მედგა. მისი აზრი, როგორც დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშის, ჩემთვის გასათვალისწინებელი იყო, განსაკუთრებით ნაკრების ფეხბურთელებთან ურთიერთობისას. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ამისულაშვილს საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2002 წლის მარტში სამხრეთ აფრიკის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში (4:1) ჰქონდა. მან ეროვნული ნაკრების რიგებში 50 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

ვლადიმერ ვაისი: “კარგი იქნებოდა, კანკავას და კაშიას მსგავსი 20 ფეხბურთელი რომ მყავდეს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტუმრო “ჰუალინგის” საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ნაკრები მოახლოებული სამი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს და ვლადიმირ ვაისმაც შეკრების წინ ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.

“თავიდან მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება ბოლო შეკრება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლამდე. 24 მაისს მივემგზავრებით ავსტრიაში, სადაც სლოვაკეთის ნაკრებს ვეთამაშებით. 3 ივნისს რუმინეთს შევხვდებით, ბოლო ამხანაგურ თამაშს კი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ესპანეთთან გავმართავთ…

სანაკრებო სია უკვე იცით – შემიძლია გითხრათ, რომ ყველანაირად ვეცადე, ამ ეტაპზე საუკეთესო შემადგენლობა გამომეძახებინა… მსურს, რომ პროგრესი იყოს ყაზახეთთან თამაშის შემდეგ და ბევრად უკეთესად ვითამაშოთ, მაგრამ იმ საღამოსაც იყო ნაკრების თამაშში დადებითი მომენტები. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამჯერად ბევრად ძლიერ გუნდებს ვხვდებით და ჭკვიანურად თამაში გვმართებს…

ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო ტექნიკური და დინამიური. მინუსებს რაც შეეხება – ფიზიკური მომზადება. საქართველოს ნაკრები ხშირად გოლებს ბოლო წუთებში უშვებს. თუმცა, ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის გყავდათ. საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, მთავარია, ბიჭებმა ეს მოედანზე გამოავლინონ. არიან ტალანტები – ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, მჭედლიძე, ანანიძე – ყაზახეთთან თამაშის მერე ყაზაიშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი უდიდესი ნიჭი და შესაძლებლობა მოედანზე უნდა გამოავლინოს. ისინი უნდა იყვნენ როგორც კარგი ფეხბურთელები, ისე კარგი ადამიანები, რადგან ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. პიროვნულ თვისებებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოედანზე. წარმატება თავისით არ მოდის, ამას შრომა სჭირდება, თორემ ზოგადად, კარგი იქნებოდა 20 ისეთი ფეხბურთელი მყავდეს, როგორებიც არიან ჯაბა კანკავა და გურამ კაშია – ასპროცენტიანი პროფესიონალები. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ და იმედია, ყველაფერი კარგად გამოგვივა…

გიორგი ლორიას მიკროტრავმა აქვს და იმედია, რამდენიმე კვირაში მომჯობინდება. რაც შეეხებათ სხვებს, ვარჯიშებზე დავაკვირდები და იმის მიხედვით გადავწყვეტ, ვინ ითამაშებს. ჩემთვის ვარჯიშებზე თავის კარგად წარმოჩენა მნიშვნელოვანი ფაქტორია… მეიმედება ზურაბ ცისკარიძის – მისი თამაში ჩეხეთში ვნახე და უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა. სამ სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ვნახავთ, დავაკვირდებით და თუ გამოგვადგება, კმაყოფილი ვიქნები…

გაფართოებულ სიაში კიდევ ბევრი მოთამაშე მყავს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს 25 კაცი ავარჩიე. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და სხვებსაც მიეცემათ შანსი. მთავარია, მათ დაამტკიცონ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ”.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მაისს გაემგზავრება ავსტრიაში და 27 მაისს სლოვაკეთს შეხვდება. 3 ივნისს ნაკრები ბუქარესტში გაეჯიბრება რუმინეთს, ხოლო 7 ივნისს მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს დასკვნით ამხანაგურ მატჩს.

სფფ-ის პრესსამსახური

ვლადიმირ ვაისი: “მოთამაშეთა დონის გათვალისწინებით, ყაზახეთი უნდა დაგვემარცხებინა”

საქართველოსა და ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის “დინამო არენაზე” გამართული ამხანაგური მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. შეხვედრა “ჯვაროსანთა” მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შეაჯამა.

“პირველი მატჩი მწვრთნელისთვის ყოველთვის რთულია. რაც შეეხება შედეგს, უკმაყოფილო ვარ. გუნდის ნახევარმა დავალებას თავი გაართვა, ნახევარმა – ვერა. არ იყო ისეთი ბალანსი მიღწეული, რომელიც დადებით შედეგამდე მიგვიყვანდა, თუმც საგოლე მომენტები გვქონდა. ვერ გამოვიყენეთ და იმიტომაც ვერ გავიმარჯვეთ. რაღაც აკლია გუნდს და ეს დავინახე. ყაზახეთის ნაკრებმა კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების დონის გათვალისწინებით, ვთვლი, რომ მეტოქე უნდა დაგვემარცხებინა.

რაც შეეხება შემადგენლობას, მჭედლიძემ გუშინდელ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო, ამიტომ არ იყო მზად სათამაშოდ. ამის გამო ყაზაიშვილმა თავის პოზიციაზე არ ითამაშა. მინდოდა, რომ მის წინ მჭედლიძე და ვაწაძე დამეყენებინა. სამომავლოდ არ ვგეგმავ, რომ ვაკო ამ პოზიციაზე გამოვიყენო.

რაც შეეხება ცვლილებებს, ყენია და ვაწაძე მატჩის ბოლოს გამოვიდნენ. კმაყოფილი ვარ კანკავასა და ნავალოვსკის თამაშით, საუკეთესო იყო ოქრიაშვილი, გამოვარჩევ კაშიასაც, ახალგაზრდა აბურჯანიაც კარგი იყო. უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს, თუმცა არა უშავს, პირველი სანაკრებო მატჩია და ეპატიება. მეტს ვითხოვ ყაზაიშვილისგან და კაჭარავასგან. ამ უკანასკნელს ორი მომენტი ჰქონდა. გადავწყვიტეთ, რომ ამისულაშვილსა და კვერკველიას თითო ტაიმი ეთამაშათ. ნუკრი რევიშვილს სრულად მივეცით თამაშის შესაძლებლობა, ვინაიდან საკლუბო დონეზე ბოლო მატჩებში სათადარიგოთა სკამზე მოუწია ჯდომა და ფსიქოლოგიურად რომ არ გატეხილიყო. მისი დონისა და გიორგი ლორიას დონის შესახებაც ვფლობთ ინფორმაცის.

მეტი შანსი მივეცი იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც საკლუბო დონეზე ნაკლები სათამაშო დრო ეძლევათ. ჯანო ანანიძეს ღმერთისგან მომადლებული ნიჭი აქვს, თუმცა ინდივიდუალურად მეტი უნდა იმუშაოს. მას საკლუბო დონეზეც არ ეძლევა სრულად თამაშის შესაძლებლობა, თუმცა მის გარეშე ჩვენი გუნდის შეტევა ვერ წარმომიდგენია. ჭანტურიამ, კაჭარავამ მეტი უნდა გვიჩვენოს. დავინახე, ვინ იხარჯება ბოლომდე, ვინ სცემს ნაკრებს პატივს. ამ შედეგისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, უბრალოდ უნდა დავინახოთ პრობლემები.

სამი ამხანაგური მატჩი გველის: სლოვაკეთთან, რუმინეთთან და ესპანეთთან. უნდა ვიმუშაოთ იმ სისუსტეებზე, რომელიც დღეს გამოვლინდა – კერძოდ, შეტევიდან დაცვაზე გადაწყობაზე, მეტოქის კონტრშეტევების აღკვეთაზე.

მესამე ადგილი ქვეჯგუფში არაფერს არ მოგვცემს, ყველა გუნდი იბრძვის უმაღლესი მიზნებისთვის. ადამიანი და მწვრთნელი ყოველდღიურად სწავლობს. მე ახლა დავიწყე საქართველოს ნაკრებში სწავლა. სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ. ნახევარ გუნდს უკეთ თამაში შეუძლია. მათ საკმარისი ნიჭი აქვთ.

საქართველოს ჩემპიონატში მომუშავე მწვრთნელებისგან რჩევებს მივიღებ. მეტ ინფორმაციას გავეცნობი ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელების შესახებ. სამომავლოდ გია გრიგალავასა და ოთარ კაკაბაძის გამოძახებაც მინდა. ნაკრებისთვის მეტი ძალისხმევის გაღებაა აუცილებელი. ყენია ალბათ ცოტა გვიან შემოვიდა მოედანზე, თუმცა მჯეროდა, რომ ოქრიაშვილი ან ყაზაიშვილი გაიტანდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ვაკოს საუკეთესო თამაში”, – აღნიშნა მატჩის შემდეგ ვაისმა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდა (ვიდეო)

2016 წლის პირველ ამხანაგურ მატჩამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი შეხვდა და მათი მზადების პროცესს გაეცნო. ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული ნაკრების სრულ შემადგენლობას და ახალ სამწვრთნელო შტაბს წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველო – ყაზახეთის ამხანაგური მატჩი 29 მარტს, 21:00 სთ-ზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია და მისი შეძენა „დინამო არენას“ სალაროებშია შესაძლებელი. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფფ-ის პრესსამსახური