“ზუგდიდი” ამ სეზონში გასამართ საშინაო მატჩებს საკუთარ სტადიონზე ჩაატარებს

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში გასამართ საშინაო მატჩებს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ზედაეწერის სტადიონს, მერიის დაფინანსებით, ეფექტური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მთლიანად შეიცვალა და ახლებურად გაკეთა, გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები, ხოლო ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო საპრესკონფერენციო დარბაზი, მსაჯთა და დელეგატთა მისაღები ოთახები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მეორედ იმყოფებოდნენ „ზედაეწერი“-ს სტადიონის დასათვალიერებლად და აქ ჩატარებულ სამუშაოებს საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს. მართალია, ფეხბურთის მმართველი ორგანო საბოოლოო გადაწყვეტილებას „ზედაეწერი“-ს სტადიონზე თამაშების დაშვება-არდაშვებაზე მიმდინარე კვირას მიიღებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სრულად გაითვალისწინეს სფფ-ს რეკომენდაციები და მათი წარმომადგენლების, პირველადი შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, ეს საკითხი გადაწყვეტილია.

ზუგდიდელები კი პირველი საშინაო მატჩს 10 აპრილს გამართავენ და თუ გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა, ისინი „ზედაეწერი“-ს სტადიონზე ქობულეთის „შუქურა“-ს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო სეზონზე ს.კ. „ზუგდიდმა“ ორი საშინაო მატჩი სამტრედიის „ე.მანჯგალაძის“ სახელობის სტადიონზე ჩაატარა.